"თუ შეზღუდვები არ შემსუბუქდება, ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდება"
21/12/2020 10:07:45 საზოგადოება
დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, რომ "თუ შეზღუდვები არ შემსუბუქდება, ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდება"
"ჩვენს ქვეყანაში ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. კორონავირუსიც რომ არ ყოფილიყო, ეს მდგომარეობა ისედაც უარესობისკენ მიდის: ინვესტიციები იკლებს, ლარი უფასურდება და შესაბამისად, ცხოვრება უფრო და უფრო რთულდება. თუ შეზღუდვები არ შემსუბუქდება ბიზნესი ჩავარდება უმძიმეს ვითარებაში. შემიძლია, იმ კომპანიების სახელით ვისაუბრო, რომელსაც შემოაქვთ ზამთრის პროდუქცია: ტანსაცმელი იქნება ეს, ზამთრის სათამაშოები, ჭურჭელი თუ სხვა. რომელიც ახლა თუ არ გაიყიდა, შეიძლება, მომავალ წლამდე იდოს, გარკვეული ცვეთაც ექნება, სეზონურობაც გაუვა. შეიძლება, მომავალ წელსაც არ გაიყიდოს და ისედაც, დაბანდებული ფულის გაჩერება ბიზნესისთვის კატასტროფაა", - განაცხადა ჭყონიამ.
მისივე თქმით, იმ იმპორტიორების დიდ ნაწილს, რომლებმაც წინასაახალწლო და ზამთრის პროდუქცია შემოიტანეს, დამატებითი ღირებულების გადასახადი უკვე გადახდილი აქვთ:
"ჩვენი თხოვნა იყო, რომ იმპორტიორებს, ვისაც ასეთი პროდუქტი შემოაქვს, დღგ-ის ნაწილში დაგვხმარებოდნენ - მოეცათ უფლება, მას შემდეგ გადაგვეხადა, რაც ისინი გაიყიდებოდა. ახლა ყველას გადახდილი აქვს დღგ. როცა ვლაპარაკობთ დამატებით 10 000 უმუშევარზე, ძალიან დიდ უარყოფით შედეგს მივიღებთ ჩვენს ეკონომიკაში, რომლის აღდგენასაც რამდენად შევძლებთ, არ ვიცით. ის ვალდებულებები, რომელიც სახელმწიფომ აიღო, მილიარდები, ისევ ბიზნესის მიერ გადახდილი გადასახადებით არის გადასახდელი. ეს არ უნდა დაავიწყდეს მთავრობას. გაცილებით უფრო მომზადებული უნდა შეხვედროდა სახელმწიფო ზამთარს".
ცნობისთვის: როდესაც 28 ნოემბრიდან შეზღუდვების გამკაცრება გამოცხადდა, მთავრობამ განაცხადა, რომ 24 დეკემბრიდან 1 კვირით შეზღუდვები შემსუბუქდებოდა, გაიხსნებოდა ტრანსპორტი და მაღაზიები. თუმცა, შეზღუდვების მოხსნაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ–ჯერობით, არ არის.


