აშშ-ის კონგრესი კორონავირუსთან დაკავშირებულ ფინანსური დახმარების პაკეტზე შეთანხმდა
21/12/2020 06:00:29 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი კორონავირუსთან დაკავშირებულ 900 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტზე შეთანხმდა.
ფინანსური დახმარების ფარგლებში მოქალაქეები 600 აშშ დოლარს პირდაპირი ფულადი დახმარების სახით მიიღებენ, ამასთან, უმუშევრობისთვის დაწესებული კომპენსაცია კვირაში 300 აშშ დოლარით გაიზრდება. ის ასევე მოიცავს რამდენიმე მილიარდ დოლარს მცირე ბიზნესისა და ჯანდაცვის სფეროს დახმარებისთვის. პაკეტში 25 მილიარდი აშშ დოლარი იჯარის გადასახადის დასაფარად დახმარების აღმოჩენის მიზნითაა გამოყოფილი.
„ბოლოს და ბოლოს ჩვენ გვაქვს ორპარტიული მიღწევა, რომელიც ქვეყანას სჭირდებოდა“, – განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა მიჩ მაკკონელმა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეს რიგით მეორე უდიდესი დახმარების პაკეტია, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას ისახავს მიზნად. პირველი 2,3-ტრილიონიანი პაკეტი მარტში იქნა მიღებული.
ახალი 900-მილიარდიანი პაკეტი ფიზიკური პირების, უმუშევრებისა და სკოლების დახმარებას ითვალისწინებს. ასობით მილიარდი დოლარი მცირე ბიზნესის, ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად და ვაქცინის გავრცელებისთვის გამოიყოფა.


