ბულგარეთი რუს დიპლომატს კვლავ აძევებს
18/12/2020 15:20:40 მსოფლიო
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოფიაში რუსეთის საელჩოს დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და 72 საათი მისცა ქვეყნის დასატოვებლად.
ბულგარეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ შესაბამისი ნოტა უკვე გადაეცა რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს.
მანამდე ქვეყნის მთავარმა პროკურორმა შინაგან საქმეთა მინისტრს შეგროვებული მტკიცებულებების შესახებ აცნობა რუსი დიპლომატის ჯაშუშურ საქმიანობასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ბულგარეთში რუსეთის სამხედრო ატაშეზე.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინა ზახარიევამ მთავარი პროკურორისგან მიიღო წერილი, რომ წინასასამართლო საქმის წარმოების განმავლობაში დადგინდა, თუ როგორ კრეფდა სახელმწიფო საიდუმლოს სტატუსის მქონე ინფორმაციას აღნიშნული დიპლომატი, რომლის ვინაობა ოფიციალურად არ დასახელებულა.
პროკურატურა აზუსტებს, რომ რუსეთის მოქალაქე ახორციელებდა სადაზვერვო საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც აგროვებდა ინფორმაციას, მათ შორის ბულგარეთში დისლოცირებულ ამერიკელი სამხედროების რაოდენობასთან დაკავშირებით. მას კავშირი ჰქონდა ბულგარეთის მოქალაქესთან, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ამ საიდუმლო ინფორმაციაზე და მას თანხის გადახდას დაპირდა.
აღსანიშნავია, რომ ბულგარეთში რუსი დიპლომატის გაძევების წელს ეს უკვე მესამე შემთხვევაა.


