მაიკ პომპეო: ანტითურქული სანქციების ძირითადი მიზანი რუსული გავლენის გაფართოების შეკავებაა
18/12/2020 13:54:11 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაიკ პომპეომ თავის თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბარი გამართა და იმ სანქციებზე ესაუბრა, რომელიც ვაშინგტონმა ანკარას ამასწინათ დაუწესა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის კეილ ბრაუნის განცხადებით, ჩავუშოღლუსთან საუბარში სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ნათლად მიანიშნა იმაზე, რომ "თურქეთის მიერ სისტემა С-400-ის შეძენა საფრთხეს უქმნის ამერიკელი სამხედროებისა და ტექნიკის უსაფრთხოებას, რუსეთს კი თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და სამხედრო მრეწველობაზე წვდომას აძლევს".
პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციების მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთს შეიარაღების გაყიდვით შემოსავლების მიღებასა და სხვა ქვეყნებზე გავლენის გაფართოებაში. მისივე თქმით, აშშ-ს არ სურს, თურქეთის ან სხვა რომელიმე მოკავშირის არმიების სამხედრო პოტენციალი და საბრძოლო მზადყოფნა შეარყიოს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოუწოდა ანკარას, "С-400-სთან დაკავშირებული პრობლემა თავდაცვის სექტორში აშშ-თურქეთის მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორიის შესაბამისად გადაჭრას" და შეახსენა, რომ თურქეთს, როგორც ნატო-ს წევრს, აღებული აქვს ვალდებულება, შეიძინოს მხოლოდ ის შეიარაღება, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა წევრებს საფრთხეს არ უქმნის.


