Accentnews.ge
აშშ–ის FDA-ს მრჩეველთა საბჭომ Moderna-ს ვაქცინის დამტკიცებას მხარი დაუჭირა

აშშ–ის FDA-ს მრჩეველთა საბჭომ Moderna-ს ვაქცინის დამტკიცებას მხარი დაუჭირა

18/12/2020 08:26:03 მსოფლიო

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მრჩეველთა საბჭომ კომპანია Moderna-ს მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის გადაუდებელი გამოყენებისთვის დამტკიცების რეკომენდაციას მხარი დაუჭირა.

შემდეგი ნაბიჯი იქნება FDA-ს მხრიდან გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია (EUA), რის შედეგადაც, Moderna-ს ვაქცინა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის შემდეგ დასავლურ სამყაროში დამტკიცებული მეორე კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა გახდება.

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის მსგავსად, Moderna-ს ვაქცინაც მოწინავე mRNA ტექნოლოგიით (ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა) არის დამზადებული. ორივე ვაქცინა ორ დოზას მოითხოვს.

COVID-19-ისგან დაცვის ეფექტიანობა ორივეს შემთხვევაში 95%–ია, გაცილებით მაღალი, ვიდრე პროგნოზირებდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ კლინიკური ცდების დროს არ დაფიქსირებულა სერიოზული გვერდითი მოვლენები.

აშშ, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 17 მილიონს გადააჭარბა, სავარაუდოდ, პირველი ქვეყანა გახდება მსოფლიოში, რომელიც Moderna-ს ვაქცინას დაამტკიცებს.

მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 75 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 75 345 762 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 669 685 ადამიანი იმსხვერპლა. 52 905 180 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 204 003 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 171 526 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2002 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S