Accentnews.ge
ხურციძე: "არამძიმე კოვიდ–ინფიცირებულების რაოდენობამ იკლო, თუმცა რაც შეეხება რეანიმაციებს, პაციენტების რიცხვი ბევრი მიზეზის გამო იმატებს"

ხურციძე: "არამძიმე კოვიდ–ინფიცირებულების რაოდენობამ იკლო, თუმცა რაც შეეხება რეანიმაციებს, პაციენტების რიცხვი ბევრი მიზეზის გამო იმატებს"

18/12/2020 07:17:41 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკური დირექტორის გრიგოლ ხურციძის განცხადებით, ქვეყანაში არამძიმე კოვიდ–ინფიცირებულების რაოდენობამ იკლო, თუმცა რაც შეეხება რეანიმაციებს, პაციენტების რიცხვი ბევრი მიზეზის გამო იმატებს.

კითხვაზე, "რა მდგომარეობაა ჰოსპიტალურ სექტორში დღეს, როცა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა იკლო?", გრიგოლ ხურციძემ "პირველი არხის" ეთერში შემდეგი განაცხადა:

„საშუალო სიმძიმის პაციენტების რაოდენობამ იკლო. აქ ისიც გვეხმარება, რომ სახელმწიფო გამოვიდა პროექტით, რომელსაც კლინიკური ჰოსპიტლები ჰქვია და ვცდილობთ, საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები იქ გადავანაწილოთ. რაც შეეხება რეანიმაციებს, პაციენტების რაოდენობა ბევრი მიზეზის გამო იმატებს. ვინც გადარჩა, სამწუხაროდ, ფილტვების საკმაოდ დიდი დაზიანებები აქვს. ეს ტრენდი მარტო ჩვენთან არ არის, მთელი მსოფლიო ამას ხედავს. თუ ეს ადამიანები გადარჩებიან, მძიმე დაავადება ჰქონდათ და მათ არა მარტო ხანგრძლივი მკურნალობა, არამედ რეანიმაციაში ყოფნა უწევთ. ისე არ არის, რეანიმაციაში დაწვე და იქიდან ორ კვირაში გამოხვიდე. განსაკუთრებით, თუ ახალგაზრდა ხარ. იმიტომ, რომ შენი ორგანიზმის რესურსი დიდია. შენ შეგიძლია, ვირუსს ებრძოლო, მაგრამ ამ ვირუსთან ბრძოლა დროში იწელება და ეს შეიძლება, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. ამიტომ არის, რომ ამ ხანგრძლივად მებრძოლი პაციენტების მიერ ბევრი რეანიმაციული საწოლის დაკავება ხდება. მათ ვერსად ვერ გადაიყვან“, – განაცხადა ხურციძემ.

როგორც გრიგოლ ხურციძემ აღნიშნა, უახლოეს დღეებში ტენდენციის კლებას ვერ დაინახავს, რადგან 400-ზე მეტი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მისი თქმით, "საქართველოში ვენტილატორების საკმაო რაოდენობა არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ვენტილატორის მომსახურე ექიმიც იმდენივეა".

ხურციძემ მედპერსონალის პრობლემებზეც ისაუბრა:

"ინფექციას თავი რომ გავანებოთ, ეს ხალხი ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ეს ხალხი გადაიღალა და დასვენებას ითხოვს. იმას არ ვიტყვი, რომ ხელი აქვთ ჩაქნეული და ბრძოლა არ უნდათ. უბრალოდ, ადამიანურადაც უნდა გავუგოთ, რადგან ძალიან დაიღალნენ. როდესაც ეს პანდემია დაიწყო, იტალიის ქალაქებიდან, მერე პარიზიდან, ამსტერდამიდან, მადრიდიდან, ნიუ–იორკიდან და ა.შ. რომ ხედავდით კადრებს, სურათები ხომ გახსოვთ, ექიმები და ექთნები სახეზე ნაჭდევებით და ჩაღამებული თვალებით?! აი, ზუსტად ასეთი სიტუაციაა. ბევრი დასნებოვნდა, რამდენიმე ათეული საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო და რამდენიმე მათგანი გარდაიცვალა კიდეც".

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი, 2 244 პირი გამოჯანმრთელდა.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 30 449 აქტიური შემთხვევაა. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1 148–ს შეადგენს. მათგან 427 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 204 003 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 171 526 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2002 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S