ვის უმკურნალებენ „რემდესივირით" და როდის არის ეფექტური პრეპარატის გამოყენება
17/12/2020 15:28:42 საზოგადოება
თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, "რემდესივირით“ იმ კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალებენ, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
"მინდა, ყველამ იცოდეს, რომ „რემდესივირი“ არ არის საჭირო ყველა ავადმყოფისთვის, უფრო მეტიც, ავადმყოფების ნაწილისთვის არ შეიძლება, მისი გაკეთება. „რემდესივირი“ ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არის ჟანგბადდამოკიდებული, ან ვისაც იმდენად მძიმე ფორმა აქვს, რომ მას ჟანგბადის მიწოდება სჭირდება. თუ პაციენტს არ სჭირდება ჟანგბადის დამატებით მიწოდება, მას არც „რემდესივირი“ არ სჭირდება. პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში წევს და ინტუბირებულია, მასზე „რემდისივირის“ გამოყენება არ შეიძლება, წინააღმდეგ ნაჩვენებია", – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ამ პრეპარატის გამოყენება ეფექტურია ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზე.
"შემდეგ თუ გავაკეთებთ, ფაქტობრივად, ტყუილად გავაკეთებთ. „რემდესივირი“ არის ანტივირუსული მედიკამენტი და ის დროზე უნდა მივცეთ პაციენტს, რომ ვირუსი არ გამრავლდეს, თორემ მე–10 დღის შემდეგ ვირუსის გამრავლება ისედაც წყდება ორგანიზმში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
როგორც ცეცრცვაძემ განაცხადა, საქართველოში შემოტანილია პრეპარატის 4 000 ფლაკონი და პაციენტებს პრეპარატით სავარაუდოდ, ორშაბათიდან უმკურნალებენ.
გარდა ამისა, მან იმ საერთაშორისო ორგანიზაციებზეც ისაუბრა, რომლებიც „რემდესივირის“ გამოყენებას რეკომენდაციას აძლევენ:
„მე ახლა მოვდივარ კლინიკური ჯგუფის ონლაინ-შეხვედრიდან, სადაც პრაქტიკულად ყველა წამყვან კლინიცისტსა და დაწესებულებების ხელმძღვანელს გავაცანით ახალი პროტოკოლი. სრულიად ახალი პროტოკოლი შევიმუშავეთ „რემდესივირის“ გამოყენებით, რომელიც ძალიან დეტალურია და ეყრდნობა მსოფლიოს წამყვანი გაიდლაინების რეკომენდაციებს. ყველამ იცის რომ ამ პრეპარატზე არ არის ერთგვაროვანი შეხედულება, იყო კვლევები. მაგალითად, ჯანმო-ს კვლევა, რომელმაც არ უჩვენა „რემდესივირის“ ეფექტიანობა და ამიტომ ჯანმო არ აძლევს მას რეკომენდაციას. ეს ერთი შეხედვით, სერიოზული პირობა იყო „რემდესივირის“ გამოყენების საწინააღმდეგოდ, მაგრამ მსოფლიოში ძალიან ბევრი ინსტიტუტია, მათ შორის ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტი, რომელიც მსოფლიო ლიდერია ამ მიმართულებით, ასევე ამერიკის ინფექციონისტთა საზოგადოება, ინგლისის, გერმანიის ნაციონალური გაიდლაინები და ყველა მათგანი, ჯანმო–სგან განსხვავებით, „რემდესივირს“ აძლევს რეკომენდაციას. ჩვენი პროტოკოლის შედგენისას გამოვიყენეთ მხოლოდ ის გაიდლაინები, რომლებმაც იცოდნენ უკვე ჯანმო–ს კვლევის შედეგები და მაინც დადეს რეკომენდაციები. ასევე, ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბარი კოვიდის დარგში მსოფლიოს წამყვან ლიდერებთან ამერიკასა და ევროპაში და ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ მხარს უჭერენ მის გამოყენებას. ჩვენ ვესაუბრეთ ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტის წამყვანი გაიდლაინის შემდგენელს, ბატონ როი გულიკს და მან დაგვიდასტურა, რომ „რემდესივირი“ საჭირო და ეფექტურია“, – განაცხადა ცერცვაძემ.


