რუსული მხარის მოთხოვნით ნავალნი გერმანიის პროკურატურამ დაკითხა
17/12/2020 13:54:45 მსოფლიო
რუსული მხარის მოთხოვნით ნავალნი გერმანიის პროკურატურამ დაკითხა. პროცესიმთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის შესახებ თავად ნავალნი წერს "ტვიტერში".
მანამდე კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ნავალნის მოწამლვის საქმის გამოძიების უკან ამერიკული სპეცსამსახურები დგანან.
Life-ის კორესპონდენტის კითხვის საპასუხოდ პუტინმა კვლავ მოიხსენია ნავალნი არა სახელ-გვარით, არამედ “ბერლინის კლინიკის პაციენტად”. ამასთან, მან არ უარყო ორშაბათს Bellingcat-ისა და რიგი სხვა გამოცემების მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი საკვანძო საგამოძიებო დასკვნა,, რომ ნავალნის რუსეთში მისი ვოიაჟების დროს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლების ჯგუფი დაჰყვებოდა.
პუტინის თქმით, რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლებს აშშ-ის სპეცსამსახურები უთვალთვალებენ, ამდენად, არაა გასაკვირი, რომ მათი ტელეფონები ისმინება.
თავად გამოძიებას პუტინმა “აშშ-ის სპეცსამსახურების ინფორმაციის ლეგალიზება” უწოდა და განაცხადა, რომ “თავად ოპოზიციონერიც სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს”. «თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებელია მისი მოწამლვა. ვის რაში სჭირდება საერთოდ?! რომ სნდომებოდათ, საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ» - განაცხადა პრეზიდენტმა და იმაზე მიუთითა, რომ ნავალნის გერმანიაში გაყვანას დასთანხმდა.
რამდენიმე წლის წინ ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებული კითხვების საპასუხოდ პუტინმა მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა: “სულაც არ არის ფაქტი, რომ აუცილებელია ადამიანის მკვლელობაო».
პრეზიდენტის ვარაუდით, გამოძიების მიზანი “საზოგადოების თვალში მისი ნავალნისთან გათანაბრებაა”.
გამოძიების ვერსიით, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლების ჯგუფი, რომელიც ნავალნის თან ახლდა, შედგებოდა, მათ შორის, მომწამლველი ნივთიერებების სპეცალისტებისაგან. გერმანელმა სპეციალისტებმა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ ოპოზიციონერი “ნოვიჩოკის” ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. თავად ნავალნი ღიად ადანაშაულებს პუტინს იმაში, რომ მასზე თავდასხმის უკან პირადად ის დგას.


