"საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების უწყვეტი კონტროლის ახალი სისტემა დაინერგა"
16/12/2020 09:52:53 საზოგადოება
"საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების უწყვეტი კონტროლის ახალი სისტემა დაინერგა", – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ვალდებულების - არალეგალური, არადოკუმენტირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა სატელიტური ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესყიდვა, რომლის მეშვეობით შესაძლებელი გახდა უცხო ქვეყნის იურისდიქციაში შემავალ ტერიტორიულ ზღვასა და ღია ზღვაში თევზჭერაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების უწყვეტი კონტროლი.
საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემები უკვე ჩართულია საერთაშორისო მონიტორინგის პროგრამაში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები მუდმივად აკონტროლებენ გემების მოძრაობას, არალეგალური თევზჭერის პრევენციის მიზნით და ასევე მათ მიერ მოპოვებული თევზის სახეობებსა და რაოდენობას.
მონიტორინგის ახალი სისტემის შედეგი, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ უკანონო თევზჭერის პრევენცია იქნება", – განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, პირველად ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO/GFCM) მხარდაჭერით, შავ ზღვაში 2020-2021 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა დაადგინეს, მათ შორის ქაფშიის, რომელიც 109 000 ტონას შეადგენს.
"განხორციელებულმა კვლევებმა, გარემოს ეროვნულ სააგენტოს პირველად მისცა საშუალება მარაგი ევროკავშირის სტანდარტების და ხმელთაშუა ზღვის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად განესაზღვრა.
ამავე მხარდაჭერის ფარგლებში, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს საზღვაო სივრცეში განახორციელა არანაკლებ მნიშვნელოვანი, შავი ზღვის რაპანას (Rapana venosa) მასშტაბურ კვლევები. რეგიონის ზღვისპირა ქვეყნებს აღნიშნული პროდუქტის ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს. როგორც მოთხოვნადი პროდუქტი, მისი რეალიზაცია მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზღვის პროდუქტების მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს შეუწყობს ქვეყანაში დარგის მდგრად განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას", – განაცხადა დავითაშვილმა.


