ქუთაისში თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი დამონტაჟდა
16/12/2020 09:28:27 საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ქ, ქუთაისში თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი დამონტაჟდა, რომლის მომწოდებელია მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ფინური კომპანია „VAISALA“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"მეტეოროლოგიური რადარი ქუთაისიდან დაახლოებით 250 კმ-ის რადიუსში, ოპერატიულ რეჟიმში გადმოსცემს მონაცემებს ღრუბელთა ტიპების, მათი ინტენსივობის, გადაადგილების, მიმართულების, სიჩქარის და სხვა ფიზიკური პარამეტრების შესახებ.
აღნიშნული რადარი შესაძლებლობას იძლევა დასავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს მოსალოდნელი ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა, რაც უზრუნველყოფს მათგან გამოწვეული წყალმოვარდნების და ღვარცოფების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისთვის დროულად მიწოდებას.
პროექტის სრული ღირებულება ამერიკისა და ქართული მხარის თანადაფინანსებით, ჯამში 3 500 000 ლარს შეადგენს", – განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მუშაობა გრძელდება:
"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
მიმდინარე წელს დასრულდა ინიციატივა „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის „მმართველობის რეფორმის ფონდის" (UNDP-GRF) პროექტის ფარგლებში შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.
მონიტორინგის სადგურების გამართული და უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად, შეიქმნა მათი მომსახურების ტექნიკური ინსტრუქციები და გადამზადდა გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.
გარდა ამისა, სააგენტომ შეიმუშავა შესაბამისი საკანონმდებლო და სისტემური მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საქართველოს პოლიტიკისა და პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის „სუფთა ჰაერი ევროპისთვის“ პროგრამის (CAFE დირექტივა) მოთხოვნებთან.
ასევე, შემუშავდა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განვითარების გზამკვლევი, მათ შორის სადგურების რაოდენობისა და განთავსების ადგილების იდენტიფიცირებითა და ქსელის განვითარების, ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო რესურსების შეფასებით, რაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს მიიღოს სრულყოფილი მონაცემები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ".


