Accentnews.ge
"სოფლის მეურნეობაში სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს"

"სოფლის მეურნეობაში სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს"

16/12/2020 09:00:37 საზოგადოება

"სოფლის მეურნეობაში სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს", – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

"იშვიათი ადგილობრივი ვაზისა და ხეხილის ჯიშების მოძიების, აღდგენის, შენარჩუნებისა და გენოფონდის კვლევის მიზნით, 2020 წელს, კოლექციას 80-მდე ახალი ჯიში შეემატა. დღეისთვის, მოძიებული და დაცულია ვაზის 450-მდე ქართული, 350-ზე მეტი უცხოური და 400-ზე მეტი მრავალწლოვანი კულტურების ჯიში.

სხვადასხვა აგროკლიმატურ ზონებში გაშენებული კოლექციებიდან მიღებული კვლევის შედეგები მნიშვნელოვნად დაეხმარება ფერმერებს კულტურებისა და კონკრეტული ჯიშების შერჩევისა და აგროტექნიკური ღონისძიებების სწორად განხორციელების საქმეში.

განხორციელდა ცხოველთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნების და სანაშენე საქმიანობის წარმართვისა და შეფასების სისტემის ჩამოყალიბების სამუშაოები, რომელიც საფუძვლად დაედება კერძო სექტორში მეცხოველეობის მიმართულებით სტიმულირების პროექტების გაფართოებას.

საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვა და ამ მიმართულებით სანერგე მეურნეობების გაძლიერება მიმდინარეობს. სისტემის ფართოდ დანერგვა უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯანსაღი, ხარისხიანი და ჯიშურად სუფთა სათესლე და სარგავი მასალით ბაზრის უზრუნველყოფას, კონკურენტუნარიანობის გაზრდას, იმპორტის ჩანაცვლებას და საექსპორტო შესაძლებლობის გაჩენას.

სასოფლო-სამეურნეო მიწების ინვენტარიზაციის პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური ერთობლივ სამუშაოებს NASA-სთან (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო, აშშ) ერთად ახორციელებს. სამუშაოების მიზანია ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებული გამოსახულებების ანალიზის საფუძველზე მიწის დეგრადაციის შესწავლა.

მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის მოწყობა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ხორციელდება, სადაც ლაბორატორიულ, საკონფერენციო, საოფისე, სადეგუსტაციო სივრცეებთან ერთად, ვაზის და ღვინის სამუზეუმო კუთხე, მარანი და ენოთეკა მოეწყობა.

დასრულდა ანასეულში II დონის ბიოლოგიური ლაბორატორიის მოწყობა.

ფერმერების ცოდნის დონის ამაღლების კუთხით 2020 წელს, გადამზადდა 1500-მდე ფერმერი. სულ ჩატარდა 45, მათ შორის 18 ონლაინ ტრეინინგი, გაწეულ იქნა 800-ზე მეტი სატელეფონო კონსულტაცია და რეკომენდაცია. ფერმერთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, გამოცემულია სხვადასხვა თემატური ბროშურა, წიგნი და მონოგრაფია", – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, სამინისტროს სისტემაში წარმატებით ფუნქციონირებს სოფლის მეურნეობის სახელმწოფო ლაბორატორია, რომელიც, არსებული ეპიდემილოგიური ვითარების ფარგლებში დადგენილი ყველა რეგულაციის დაცვით, შეუფერხებლად მუშაობს:

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია (SLA)

დავითაშვილის განცხადებით, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, საერთაშორისო დონისა და მნიშვნელოვანი ფუნქციების მქონე ლაბორატორიაა.

ლაბორატორიაში საქმიანობა მიმდინარეობს სამი ძირითადი მიმართულებით, ესენია:

• ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა;

• სურსათის კვლევა;

• მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა.

საქართველოს მასშტაბით, ლაბორატორიის ქსელი მოიცავს საერთაშორისო ISO 17025 აკრედიტაციისა და 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის მქონდე 13 ლაბორატორიას.

2020 წლის მონაცემებით:

· სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა ეროვნული აკრედიტაცია, ლაბორატორია აკმაყოფილებს საქართველოს სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ის მოთხოვნებს;

· ლაბორატორიაში დაინერგა 62 ახალი, აკრედიტებული კვლევის მეთოდი;

· ლაბორატორიის თანამშრომლებმა კი წარმატებით გაიარეს საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირებები;

· ლაბორატორიაში შემოვიდა 306 477 ნიმუში და ჩატარტა 352 870 კვლევა.

დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ლაბორატორიის ვებგვერდზე -http://sla.gov.ge/Ge/Tariffs

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მიწის ფონდის რაციონალური გამოყენება და გონივრული მართვა სახელმწიფოს პრიორიტეტია. ამ ამოცანების გადასაწყვეტად 2020 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნა ახალი უწყება - სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო:

"მიწა განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოწურვადი რესურსია, რომელსაც უდიდესი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ღირებულება გააჩნია. ახალი სააგენტო მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს - მიწის ბაზრის, სოფლის მეურნეობის დარგებისა და ზოგადად სოფლის განვითარებას.

სააგენტოს უფლებამოსილებაა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული თემატური რუკების მომზადება, გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმავასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

მიმდინარე წელს ქარსაფარი ზოლები გაშენდა 33 კმ-ზე, მოეწყო 2 სანერგე მეურნეობა ახლაგაზრდა ფერმერებისათვის, განხორციელდა ნაკვეთმონაცვლეობითი თესლბრუნვის საპილოტე პროექტი 448 ჰა-ზე, ინვენტარიზაცია 69,000 ჰაზე და გამოვლინდა ყველაზე დეგრადირებული ფართობები, დაიგეგმა აღდგენის ღონისძიებები, მიმდინარეობს მუშაობა საძოვრების მართვის პოლიტიკის დოკუმენტზე".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S