Accentnews.ge
შეზღუდვების დაანონსებული შემსუბუქება შესაძლოა, გადაიდოს

შეზღუდვების დაანონსებული შემსუბუქება შესაძლოა, გადაიდოს

16/12/2020 08:47:36 საზოგადოება

ჩვენ მომხრე ვართ მინიმალური შემსუბუქების, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ქვეყანაში მობილობის სერიოზულად გაზრდას, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„თუ 24 დეკემბერს ყველაფერს გავხსნით, მობილობა სერიოზულად გაიზრდება, პირდაპირ გეტყვით, რომ გაგვეზრდება და ისევ აგვივარდება ინფიცირებულების მაჩვენებელი 5-6 ათასზე და შესაბამისად იანგარიშეთ, რამდენი ადამიანი მოხვდება ჰოსპიტალში და რამდენი, სამწუხაროდ, შეიძლება დამძიმდეს“, - განაცხადა ამირან გამყელიძემ.

ანალოგიური განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამაც.

„ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას, რადგან ის შედეგი, რომელიც დღეს ჩვენ მივიღეთ, ცალსახად ამ შეზღუდვების შედეგია. ჰოსპიტალური სექტორი ბოლო ორი თვის განმავლობაში მაქსიმალური დატვირთვით მუშაობდა და ჩვენ ამ დატვირთვის მაჩვენებელს ისევ რომ დავუბრუნდეთ, იანვრის დასაწყისში, ეს იქნება უკიდურესად რთული გადასატანი. ამდენად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ დავაკვირდეთ ამ კვირაში სტაბილიზაციის ნიშნებს და შესაფერისად მივიღოთ გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, თუმცა, ჯერჯერობით ვრჩებით დაკვირვებისა და კონსულტაციების რეჟიმში", - განაცხადა გაბუნიამ.

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, უფრო მკაცრი შეზღუდვებიც გამართლებულია, თუმცა შეზღუდვის ასეთ მოდელს მთავრობა არ განიხილავს.

„მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ეს ახალი წელი არ არის ჩვეულებრივი: ახალი წელი დადგება იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში მილიონ ნახევარი ადამიანი გარდაცვლილია კორონავირუსის შედეგად. აქედან გამომდინარე, გამართლებულია უფრო მკაცრი შეზღუდვებიც, თუმცა შეზღუდვის ასეთ მოდელს არ განვიხილავთ. ასეთი საყოველთაო მობილობის შეზღუდვა მაშინაც არ დაგვიწესებია, როდესაც უფრო მკაცრი შეზღუდვები იყო. ჩვენ კვლავ ვსაუბრობთ წერტილოვან შეზღუდვებზე. იმედი გვაქვს, სწორედ ამ წერტილოვანი შეზღუდვების ტაქტიკით გავალთ ფონს და დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რა პასუხისმგებლობას იღებენ სავაჭრო ქსელები, თუ გახსნა მოხდა 24-ში და როგორ იქნება ადამიანების ნაკადი მართული, როგორც სავაჭრო ცენტრების ტერიტორიაზე, ასევე გარეთ“,- განაცხადა თურნავამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის: დაწესებული შეზღუდვების საახალწლო პერიოდისთვის შემსუბუქება იყო დაანონსებული.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მთავრობა მკაცრი შეზღუდვების დაწესებამდე ამგვარი ზომების მიღებაზე უარს აცხადებდა.

იხილეთ ასევე: კანონს, რომელიც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას აძლევს, მოქმედების ვადა უხანგრძლივდება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S