"2020 წელს სახელმწიფოს ხელშეწყობით 16 ახალი საწარმო შეიქმნა"
16/12/2020 08:16:48 საზოგადოება
"2020 წელს სახელმწიფოს ხელშეწყობით 16 ახალი საწარმო შეიქმნა", – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა. პირველადი პროდუქციის მოსავლის ზრდის პარალელურად მზარდია შემნახველ და გადამამუშავებელ საწარმოებზე მოთხოვნა. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისათვის მნიშვნელოვანი სტიმულია წარმოების განვითარებისათვის.
მიმდინარე წელს, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 6 გადამმუშავებელი და 10 შემნახველი საწარმო, ჯამური საინვესტიციო ღირებულება 19 მლნ ლარს აჭარბებს.
2014 წლიდან დღემდე მხარდაჭერილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების მიმართულებით 56 პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ ლარს აჭარბებს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 28 მლნ ლარზე მეტია. შემნახველი საწარმოების მიმართულებით დაფინანსდა 43 პროექტი - ჯამური საინვესტიციო ღირებულება 53 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს 23 მლნ ლარზე მეტს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო გრანტის მიღების პარალელურად, ბენეფიციარებს შეეძლოთ საინვესტიციოდ ესარგებლათ შეღავათიანი აგროკრედიტითაც", – განაცხადა დავითაშვილმა.


