Accentnews.ge
"შეღავათიანი აგროკრედიტის მეშვეობით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში 300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება იქნა შესაძლებელი"

"შეღავათიანი აგროკრედიტის მეშვეობით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში 300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება იქნა შესაძლებელი"

16/12/2020 08:11:53 საზოგადოება

"შეღავათიანი აგროკრედიტის მეშვეობით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში 300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება იქნა შესაძლებელი", – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

"იაფ, გრძელვადიან და ხელმისაწვდომ ფულად რესურსებზე წვდომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. მასშტაბური პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის’’ განხორციელებით აგრომეწარმეებისა და ფერმერებისათვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი. პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დაწყებიდან დღემდე გაცემულია 2,695,338,563 ლარის ღირებულების 46,391 სესხი, სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 379,236,390 ლარი. შეღავათიანი აგროკრედიტის მეშვეობით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში 300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება იქნა შესაძლებელი, მიმდინარე წლის განმავლობაში გაცემულია 372,086,077 ლარის ღირებულების 6,144 სესხი, სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 64,241,572 ლარი. 2020 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში 13 ბანკი და 4 სალიზინგო ორგანიზაციაა ჩართული. აღსანიშნავია, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება საფინანსო ინსტიტუტების მიერ და ამ პროცესში სახელმწიფოს ჩართულობა მინიმალურია, მთავარია ბენეფიციარი აკმაყოფილებდეს პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს", – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, აგროდაზღვევის პროგრამით დაზღვეული ფართობი 31%-ითაა გაზრდილი.

"აგროდაზღვევის პროგრამა არის ინსტრუმენტი, რომლითაც უფრო პროგნოზირებადი ხდება სოფლის მეურნეობა. ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა კლიმატური რისკების დადგომისას დაიცვან საკუთარი შემოსავალი. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 31%-ითაა გაზრდილი აგროდაზღვევის პროგრამით დაზღვეული ფართობი, რაც 18,000 ჰა-ს აჭარბებს. პროგრამის ფარგლებში გაცემულია 17,532 პოლისი. სააგენტოს სუბსიდიის თანხა 8 მლნ ლარს აჭარბებს. აგროდაზღვევის პროგრამა განიცდის განახლებებს და ფერმერთა ინტერესებზე მეტად მორგებული ხდება, 2020 წელს განხორციელებული ცვლილებით, მრავალწლოვანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, აგროდაზღვევა სამწლიანი გახდა. 2014 წლიდან დღემდე, 6 წლის განმავლობაში, ფერმერებისთვის ანაზღაურებული ზარალი 44 მლნ ლარს აღემატება. სოფლის მეურნეობის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა დაზღვევის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის ხელმისაწვდომობაა. სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერები მოსავალს მოსალოდნელი სტიქიისგან (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და ციტრუსისთვის საშემოდგომო ყინვა) აზღვევენ", – განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც მან განაცხადა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა გრძელდება:

"სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. 2020 წლიდან ამოქმედდა ახალი კანონმდებლობა, რომლითაც კიდევ უფრო მოწესრიგდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხები. გრძელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის ერთიან ღირებულებათა ჯაჭვში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების აქტიურ ჩართულობას, როგორც პირველადი პროდუქციის წარმოების, ასევე გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით.

დღეის მდგომარეობით, 1,025 სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელიც 10,734 მეპაიეს აერთიანებს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S