მსოფლიოში ერთ კვირაში კორონავირუსით 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა
16/12/2020 05:57:15 მსოფლიო
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, გასული ერთი კვირის განმავლობაში, 7-13 დეკემბერს მსოფლიოში აღირიცხა კორონავირუსით ინფიცირების 4 329 927 შემთხვევა, რაც წინა ერთი კვირის მაჩვენებელზე 4%-ით მეტია. გასულ კვირაში COVID-19-ით გარდაიცვალა 75 038 ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ითაა გაზრდილი.
საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, პანდემია ყველაზე მძიმე ტვირთად აწევს ევროპას, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას. მათზე მოდის მსოფლიოში აღრიცხული ინფიცირების ახალი შემთხვევების 85% და გარდაცვალების 86%.
ჰოპკინსის უნივერსიტეტის და მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფ worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 73 მილიონზე მეტი ადამიანი და 1.6 მილიონზე მეტი გარდაიცვალა.


