Accentnews.ge
აფრიკის დასახლებაში ნებართვის გარეშე აშენებული ნაგებობების დემონტაჟი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

აფრიკის დასახლებაში ნებართვის გარეშე აშენებული ნაგებობების დემონტაჟი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

15/12/2020 11:00:02 საზოგადოება

თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალური ინსპექცია რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟს ახორციელებს, რასაც იქ მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებს.

სამართალდამცველებმა აფრიკის დასახლებაში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით 8 ადამიანი დააკავეს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ სხვა საცხოვრებელი ფართები არ გააჩნიათ და შენობების დანგრევის შემთხვევაში, უსახლკაროდ რჩებიან.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, ინსპექტირების შედეგად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი.

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესს „ღია საზოგადოების ფონდი“ ეხმიანება და აცხადებს, რომ იმ პირობებში, "როცა საქართველოს არ გააჩნია უსახლკაროების ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემის საპასუხო ეფექტური სერვისები, თვითდახმარების მიზნით, უსახლკაროთა მიერ აგებული სტაციონარული შენობების დემონტაჟი, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს":

„მოვუწოდებთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, შეწყვიტოს აფრიკის დასახლებაში, თვითდახმარების მიზნით აგებული შენობების ნგრევის პროცესი, არ დაარღვიოს ამ შენობებში მცხოვრებელთა საცხოვრისის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და უზრუნველყოს ამ ადამიანების ღირსეული საცხოვრისის გარანტიები“.

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც" გამოეხმაურა და თბილისის მერიას მოუწოდა, შეწყვიტოს დემონტაჟი, ამასთანავე უზრუნველყოს და გაატაროს უსახლკარო პირთა მიმართ მხარდაჭერის პოლიტიკა.

საია-ში მიაჩნიათ, რომ მერიის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო მიუღებელია მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძვინვარებს COVID-19-ის პანდემია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S