რას სთავაზობს კალაძე იმ ადამიანებს, რომელთა სახლების დემონტაჟს მერიის შესაბამისი სამსახური ახორციელებს
15/12/2020 11:16:02 მსოფლიო
თბილისის მერი კახა კალაძე იმ ადამიანებს, რომელთა სახლების დემონტაჟს მერიის შესაბამისი სამსახური ახორციელებს, ორ ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს.
"ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია, ყველანაირად უზრუნველვყოფთ ჩვენ, ან მეორე ვარიანტია – ადამიანები, რომლებსაც გარკვეული პრობლემა აქვთ, სახლი დაენგრათ, ამისთვის გამგეობები გამოყოფენ თანხებს და შეგვიძლია ამ ოჯახების იჯარით გაყვანა, რომ არ დარჩნენ ქუჩაში", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, სანამ ის ქალაქია მერია, სახელმწიფო ქონების მიტაცებას არ დაუშვებს.
"თქვენ გაქვთ აგარაკი სადმე? მიბრძანდით, ააშენეთ თქვენც, მისაღებია ეს? მოსულა? შეიძლება ამის გაკეთება? ეს ადამიანები არიან, ვისაც აქვთ სახლები, ზოგს მიწის ნაკვეთი აქვს, ზოგს რაიონში აქვს სახლი და ა.შ. კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებ, სანამ მე ვარ ქალაქის მმართველი და ქალაქის არჩეული მერი, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ სახელმწიფო ქონებების უკანონოდ დატაცებები მოხდეს, ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარებით, ბევრ ოჯახს ვუწყობთ ხელს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუმციროთ სოციალურ-ეკონომიკური მდგომაროება, მაგრამ ეს მიდგომა და დამოკიდებულება, რომ მოვიპაროთ სახელმწიფო მიწები, კატეგორიულად მიუღებელია", - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის: დედაქალაქის მერიამ აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც უსახლკაროდ რჩება, აქციას მართავს და დახმარებას ითხოვს. ადგილზე სამართალდამცველები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. სამართალდამცველებმა აფრიკის დასახლებაში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით 8 ადამიანი დააკავეს.


