ლავროვმა თურქეთისთვის სანქციების დაწესება დაგმო
14/12/2020 19:43:03 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო აშშ-ის მიერ თურქეთისთვის დაწესებული სანაქციები საერთაშორისო სამართლის აბუჩად აგდებაა.
„რა თქმა უნდა, ეს საერთაშორისო სამართლისადმი აროგანტულ დამოკიდებულებას ცხადყოფს. ეს არალეგიტიმური, ცალმხრივი შემზღუდავი ზომების გამოვლინებაა, რომლითაც აშშ ათწლეულების განმავლობაში სარგებლობს. ვფიქრობ, ეს აშშ-ს საერთაშორისო არენაზე ავტორიტეტს არ შესძენს“, - განაცხადა ლავროვმა.
რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტში განაცხადეს.
„სანქციების მეშვეობით ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ კანონის ფარგლებში აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოს, მის ხელმძღვანელს, ისმაილ დემირსა და თურქეთის კიდევ სამ მოქალაქეს.
თავის მხრივ თურქეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, თურქეთისთვის დაწესებული სანქციები აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობებზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.
„თურქეთი აშშ-ს მოუწოდებს, სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას გადახედოს და შექმნილი სიტუაციის დარეგიულირება დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოხდეს. თურქეთი თავს არ შეიკავებს ისეთი ზომების მიღებისგან, რასაც საჭიროდ მიიჩნევს თავისი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


