გამყრელიძე განმარტავს, როდიდან შესაძლოა, შემსუბუქდეს შეზღუდვები
14/12/2020 08:47:38 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლოს გადაწყდება, შემსუბუქდება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები.
„ეს საკითხი დღეს იყო განხილვის საგანი და შეჯერდა საკოორდინაციო საბჭო, რომ ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას და გადაწყვეტილებები მიღებულ იქნეს კვირის ბოლოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომით და მასშტაბით უნდა იქნას თუ არ იქნას შემსუბუქება. მე ახლა კონკრეტულად ვერ გეტყვით რა შეიძლება, გაიხსნას და რა არა. მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ თვალსაზრისით უფრო რადიკალურია, მაგრამ საკოორდინაციო საბჭო იღებს ბალანსირებულ, შეჯერებულ გადაწყვეტილებას, რადგან გასათვალისწინებელია ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება ბალანსირებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი, 3 498 პირი გამოჯანმრთელდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 191 063 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 161 681 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1839 გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 554 ტესტი, მათ შორის 3 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 3 490 - PCR ტესტით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში შაბათ–კვირის განმავლობაში ტესტზე მოქალაქეთა მიმართვიანობა დაბალია. ქვეყანაში 3 დეკემბრიდან კვირის სხვა დღეებში დაახლოებით 20 000 ტესტი ტარდება.


