"ვაქცინის გაკეთებას ამ ეტაპზე არ ვგეგმავ, თეთრ სახლში მომუშავე ხალხმა იგი მოგვიანებით უნდა გაიკეთოს"
14/12/2020 06:05:09 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ამ ეტაპზე არ აპირებს.
„ადამიანებმა, რომლებიც თეთრ სახლში მუშაობენ, ვაქცინა მოგვიანებით უნდა გაიკეთონ, თუ ამის განსაკუთრებული საჭიროება არ დგას. მე ვთხოვე, რომ ვაქცინაციის პროგრამაში ეს კორექტირება განხორციელდეს. ვაქცინის გაკეთება დაგეგმილი არ მაქვს, მაგრამ მოუთმენლად ველი ვაქცინაციას შესაბამის დროს. გმადლობთ!", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
აშშ-ში დღეიდან კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება.
Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინით პირველ რიგში, მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები აიცრებიან.
ვაქცინის დაჩქარებული შემუშავების პროგრამის "Operation Warp Speed" ხელმძღვანელის მონსეფ სლაუის თქმით, მარტის ბოლომდე სავარაუდოდ, 100 მილიონზე მეტი ადამიანი იქნება აცრილი.
თუმცა როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ეს ქვეყანაში პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი არ იქნება და ამიტომ, გავრცელების გასაკონტროლებლად პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება საჭირო.
ცნობისთვის: აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა რამდენიმე დღის წინ გასცა. კომპანიებში აცხადებენ, რომ მათ მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ 95%–იანი ეფექტურობა აჩვენა.
კოვორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა მაჩვენებლით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებული კოვიდ–ინფიცირების 15 მილიონზე მეტი შემთხვევა, დაავადებამ 290 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.


