"ევროკავშირის მოაზროვნე ქვეყნებმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მცდელობა ჩაშალეს. სანქციებს ვერც მომდევნო სამიტზე დაგვიწესებენ"
11/12/2020 12:14:22 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ევროკავშირმა ანკარას სანქციები ვერც სადღეისოდ დაუწესა და ვერც მომავალში დაუწესებს.
"ევროკავშირის წევრმა მოაზროვნე ქვეყნებმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მცდელობა ჩაშალეს. რიგი სახელმწიფოები ანკარას წინააღმდეგ წასვლას ვერც მარტისთვის დაგეგმილ სამიტზე შეძლებენ", – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საბერძნეთი, კვიპროსი და საფრანგეთი ითხოვდა.
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც თურქეთმა ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად სამძებრო სამუშაოები განაახლა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობა გაიზარდა. აღნიშნულ საქმიანობას საბერძნეთი და კვიპროსი ეწინააღმდეგებიან. მათ მხარს უჭერს ევროკავშირი. დასავლეთმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გაზის მოპოვებისთვის ბურღვითი სამუშაოების შეწყვეტისკენ თურქეთს არაერთხელ მოუწოდა. თუმცა ეს უკანასკნელი კვიპროსის სანაპიროსთან ბურღვით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ამ დრომდე აგრძელებს.


