რუსეთში მოსახლეობას მოუწოდებენ, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის "სპუტნიკ V" გაკეთების შემდეგ ალკოჰოლური სასმელები 2 თვე არ მიიღონ
10/12/2020 18:57:52 მსოფლიო
ჯანდაცვის სპეციალისტები რუსეთში მოსახლეობას მოუწოდებენ, რუსული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის "სპუტნიკ V" გაკეთების შემდეგ ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან თავი დაახლოებით 2 თვის განმავლობაში შეიკავონ.
კერძოდ, ვაქცინის პირველი ინექციის გაკეთებამდე მოქალაქეს ალკოჰოლური სასმელი 14 დღის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მიღებული. ხოლო პირველი აცრის შემდეგ მოქალაქემ აღნიშნული აკრძალვა კიდევ 42 დღის განმავლობაში უნდა დაიცვას.
რუსეთის მოსახლეობის ნაწილი ამ შეზღუდვას გაუმართლებლად მიიჩნევს.
"ეს მე ნამდვილად მაწუხებს. ნაკლებ სავარაუდოა, 2 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში ალკოჰოლი არ მივიღო. ის სტრესი, რაც ამით ორგანიზმს მიადგება, მით უმეტეს, სადღესასწაულო პერიოდში, უარესი იქნება, ვიდრე ვაქცინის გვერდითი მოვლენები ან ის უპირატესობა, რაც ვაქცინას შეიძლება ჰქონდეს", – აცხადებს მოსკოვში მცხოვრები ელენა კრივენი.
ამ თემას აქტიურად განიხილავენ რუსეთში სოციალურ მედიაშიც. ზოგი ამბობს, რომ ამის შესახებ ადრევე უნდა სცოდნოდათ.
"პირველ რიგში, ამ შეზღუდვის შესახებ უნდა გეთქვათ ხალხისთვის. აბსოლუტურად შეუძლებელია, ეს განხორციელებადი იყოს ჩვენს ქვეყანაში", – წერს "ფეისბუქის" ერთ–ერთი მომხმარებელი პაველ გორიაშკინი.
ზოგიერთი მომხმარებელი კი სხვებს მოუწოდებს, არ დაუჯეროს მითითებებს, რადგან თავად პირველ და მეორე ინექციას შორის ძალიან დიდი ოდენობით ალკოჰოლი მიიღო და ცუდი არაფერი დამართნია:
"ყურებიდანაც ანტისხეულები გადმომდის".
როგორც "სპუტნიკ V"–ს შექმნაზე მომუშავე ერთ–ერთი მეცნიერი ალექსანდერ გინსბურგი აცხადებს, "ერთი ჭიქა შამპანური არავის ავნებს".
მისი თქმით, ალკოჰოლის მოხმარების გონივრული რაოდენობით შემცირება მანამ, სანამ ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს, მართებული იქნება. გინსბურგი განმარტავს, რომ მსგავს რეკომენდაციებს ვაქცინის მიღების თაობაზე მთელ მსოფლიოში იძლევიან და ეს მხოლოდ რუსულ ვაქცინას არ ეხება.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო "ტასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაქცინაციის დაახლოებით 42-დღიან პერიოდში მოქალაქეებმა ნამდვილად უნდა შეიკავონ თავი ალკოჰოლისგან, რათა ორგანიზმმა ინფექციასთან გამკლავება შეძლოს.
სამედიცინო საზოგადოება თანხმდება, რომ ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება იმუნიტეტს ასუსტებს.
რუსეთში ახალი წლის დადგომასთან ერთად, იანვრის პირველ დღეებში, როგორც წესი, ალკოჰოლის ყველაზე დიდი მოხმარება ფიქსირდება. ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებლები რუსეთში 2003 წლის შემდეგ მკვეთრად შემცირდა, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი ალკოჰოლის მაინც დიდ რაოდენობას იღებს.
ცნობისთვის: აგვისტოში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველი რუსული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის "სპუტნიკ V" შექმნის შესახებ განაცხადა. პრეპარატი გამალეას კვლევითმა ინსტიტუტმა შეიმუშავა. თუმცა არც ერთი სერიოზული მეცნიერი მსოფლიოში მას არ ენდობა. მკვლევარები მიუთითებენ სერიოზულ კითხვებზე ამ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსი გამომგონებლების მიერ ვაქცინის გამოცდის III – გადამწყვეტი მნიშვნელობის მესამე ფაზის სრულად გამოტოვება და გამოსაცდელთა მეტისმეტად მცირე რაოდენობა სახელდებოდა. პრეპარატი დაჩქარებული წესით, კლინიკური ცდების დასრულებამდე დამტკიცდა და ექიმებს, ჯარისკაცებს, მასწავლებლებსა და სოციალურ მუშაკებს უკვე გაუკეთეს. თუმცა ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია მოსახლეობაში უახლოეს დღეებში დაიწყება. ერთ ადამიანს ვაქცინის ორ დოზას უკეთებენ. ვაქცინის პირველი ინექციიდან მეორე აცრამდე პერიოდი 21 დღეს შეადგენს.


