გამყრელიძე: „პოზიტიური ტენდენცია ჩანს“
10/12/2020 06:10:52 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყოველკვირეულად მოხდება ეპიდსიტუაციის, ტესტირების, სამკურნალო ქსელში არსებული მდგომარეობის კუთხით კვირის შეფასება და შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილებები.
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, გაფართოებული ტესტირების ფონზე კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვეების კლების კუთხით პოზიტიური დინამიკა ჩანს, თუმცა შეფასება ჯერ ნაადრევია.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გვქონდა შეხვედრა საკოორდინაციო საბჭოს წევრების და ასევე, საერთაშორისო ექსპერტების, ჩვენი თანამემამულეების ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან, სადაც ჩვენი თანამემამულეები მოღვაწეობენ. გავაკეთეთ რეზიუმე შეზღუდვების დაწესების შემდეგ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარების, თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს. ჯერ ცოტა ნაადრევია შეფასება, შეზღუდვების დაწესების შემდეგ გვაქვს უკვე რამე შედეგები, თუ არ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით ხუთი-ექვსი დღეა, უკვე მკვეთრად გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. გუშინ, 24 საათში დაახლოებით 21 000 ტესტი ჩატარდა ქვეყანაში და ჯერჯერობით ინფიცირების რიცხვი ისევ მერყეობს, შაბათ-კვირას დაახლოებით 3 500-ის ფარგლებში, დღეს და გუშინ გვაქვს 4 000-დან 5 000-ის ფარგლებში.
ასევე, ერთ-ერთი პოზიტიური ტენდენცია ჩანს, რომ ოდნავ დაკლების ტენდენცია აქვს დადებითობის მაჩვენებელს, მაგრამ ეს ყველაფერი, მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღის შედეგია და ამას ჯერჯერობით ვერ შევაფასებთ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაზე. ამიტომ, ყველა ჩამოვყალიბდით დაახლოებით და შევთანხმდით, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და ყოველკვირეულად უნდა ვაკეთოთ კვირის შეფასება – ეპიდსიტუაცია, ტესტირება, მდგომარეობა სამკურნალო ქსელში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო მაგალითებს.
„მაგალითები იყო მოყვანილი იგივე ნორვეგიის, ფინეთის, შვეიცარიის, გერმანიის, სადაც სერიოზულად მკაცრდება შემზღუდველი ღონისძიებები წინასაახალწლო პერიოდში.
ერთიანი აზრია, რომ ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ვაფასოთ სიტუაცია მუდმივ რეჟიმში და გადაწყვეტილებები მივიღოთ ერთად, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაციის მიმდინარეობა, რომ თუ რამეს მივაღწიეთ ამ სამკვირიანი შეზღუდვებით და გაფართოებული ტესტირებით, მერე უცბად წყალში არ გადავყაროთ. იგივე, როგორც გვქონდა, მოგეხსენებათ, დიდი თავყრილობები, მაგალითად, შავი პარასკევი რომ იყო რამდენიმე კვირის წინ, ის შედეგს იძლევა ორი კვირის შემდეგ, იგივე გახშირებული და მომატებული ახალი შემთხვევების ხარჯზე.
აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილი ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული, კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ სიტუაცია, რომელიც გვექნება მომავალი ორი კვირის განმავლობაში, ყოველკვირეული შეფასებები, ხაზს ვუსვამ, რომ საახალწლოდ უფრო არ გაგვიუარესდეს ეპიდსიტუაცია ქვეყანაში“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.


