უკრაინაში საყოველთაო კარანტინი იანვარში გამოცხადდება
09/12/2020 21:51:06 მსოფლიო
უკრაინაში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო მკაცრი ზომები ძალაში 2021 წლის 8 იანვრიდან შევა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე უკრაინის პრემიერ–მინისტრმა დენის შმიგალმა ისაუბრა.
საკარანტინო ზომები 24 იანვრამდე გაგრძელდება. შეზღუდვების ფარგლებში გათვალისწინებულია კინოთეატრების, სპორტდარბაზების, სავაჭრო ცენტრების, მაღაზიების, კაფეებისა და რესტორნების დახურვა. კარანტინის პერიოდში აკრძალულია ნებისმიერი გასართობი, სარეკლამო, სპორტული, კულტურული ღონისძიებები. სასწავლო დაწესებულებებში დასვენება გამოცხადდება.
საკვები პროდუქტების მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები და სასტუმროები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. ასევე, იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ნოემბრის შუა რიცხვებიდან უკრაინაში საკარანტინო ზომები დასვენების დღეებში მოქმედებდა. რესტორნების, კაფეებს, სავაჭრო ცენტრებს და გასართობ დაწესებულებებს დასვენების დღეებში მუშაობა ეკრძალებოდათ. დეკემბრის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეს შეზღუდვები აღარ გაეგრძელებინა.
უკრაინაში ჯამში კორონავირუსის 845 343 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 204 ადამიანი.


