გერმანია შეზღუდვებს ამკაცრებს
09/12/2020 10:48:05 მსოფლიო
გერმანია შეზღუდვებს ამკაცრებს. ქვეყნის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, შობის დღესასწაულის შემდეგ მაღაზიები (სასურსათოს გარდა) სულ მცირე, 10 იანვრამდე უნდა დაიკეტოს. მისივე თქმით, სკოლებში არდადეგები 10 იანვრამდე უნდა გახანგრძლივდეს.
"ეპიდვითარების გამო საჭიროა უკვე არსებული რეგულაციების გამკაცრება. 2021 წლის პირველ კვარტალში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით იმ რაოდენობის ხალხს ვერ ავცრით, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები დავინახოთ. აუცილებელია მოვუსმინოთ მეცნიერებს, დავიცვათ რეკომენდაციები", – განაცხადა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის პერიოდში გერმანიას ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. 10 იანვრამდე დახურულია რესტორნები, ბარები, სასტუმროები, გასართობი და სპორტული დაწესებულებები. ქვეყანაში საახალწლო ბაზრობების უმეტესობა გაუქმებულია. რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, გერმანიას ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული სათხილამურო კურორტების დახურვა მინიმუმ, იანვრის დასაწყისამდე სურს.
შობა–ახალი წლის დღეებში გერმანიამ შეზღუდვები ნაწილობრივ შეამსუბუქა. კერძოდ, პირველი დეკემბრიდან ერთმანეთთან შეხვედრას არაუმეტეს ორი ოჯახის წევრები შეძლებენ. მათი საერთო რაოდენობა 10–ს არ უნდა აჭარბებდეს.
რაც შეეხება კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების პროცესს, გერმანია აღნიშნულს დეკემბერში გეგმავს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 20 815 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაავადებამ 590 ადამიანი იმსხვერპლა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, გერმანიაში კოვიდ-ინფიცირების 218 000–ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 19 932 პაციენტი გარდაიცვალა.


