Accentnews.ge
ინფექციონისტი: „დაავადების მერვე დღესაც სრულიად მსუბუქ პაციენტებშიც შეიძლება, გართულება დაიწყოს“

ინფექციონისტი: „დაავადების მერვე დღესაც სრულიად მსუბუქ პაციენტებშიც შეიძლება, გართულება დაიწყოს“

09/12/2020 07:45:28 საზოგადოება

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, კორონავირუსული ინფექციის დროს, გართულების კუთხით, მნიშვნელობა აქვს ასაკს და თანხმლებ დაავადებას, თუმცა სრულიად მსუბუქი პაციენტების შემთხვევაშიც, დაავადების მეხუთე, მეშვიდე, მერვე დღესაც შესაძლოა, დაიწყოს გართულება. ამიტომ, ინფექციონისტის თქმით, აუცილებელია, კორონავირუსით ინფიცირებული ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც უსიმპტომო, იყოს ყურადღებით და არა პანიკაში.

„ოჯახის წევრებს შორის იმათ, ვინც უფრო მაღალი ასაკის არის და თანხმლები დაავადება აქვთ, გართულებები უფრო ხშირად აქვთ, ეს უკვე ყველამ ვიცით, მაგრამ თუნდაც ერთნაირი ჯანმრთელობის და ასაკის მქონე ორ ადამიანში შეიძლება, ერთგან სრულიად მშვიდობიანად წარიმართოს და მეორეგან უცებ დაიწყოს გაუთვალისწინებელი და რაღაცნაირი გაუგებარი გართულებები. ამიტომ, სიფრთხილე ყველას მართებს, მსუბუქ პაციენტებსაც.

თავიდან, როდესაც არ აქვთ სიმპტომები, შემდეგ ფიქრობენ, რომ უკვე გადავლილია, უნდა ახსოვდეთ, რომ მეხუთე, მეშვიდე, მერვე დღესაც სრულიად მსუბუქ პაციენტებშიც შეიძლება დაიწყოს გართულება, ამიტომ სიფხიზლე, ყურადღება, ოღონდ არა პანიკური შიში ყოველთვის უნდა იყოს კოვიდდადასტურებულ პაციენტებში“, – განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

მისივე თქმით, თუ ვირუსის დამარცხების შემდეგ დაბალი ტემპერატურა გახანგრძლივდა, ლაბორატორიული კვლევების გარკვეული პაკეტი უნდა ჩატარდეს, მინიმუმ სისხლის ანალიზი მაინც.

„თუ ლაბორატორიული კვლევები ნორმაშია, გულ-მკერდი და ფილტვები ჯანმრთელია, ეს ტემპერატურული რეაქცია არ არის საშიში, და ადამიანებმა მშვიდად უნდა განაგრძონ ცხოვრება“, -აღნიშნა ბუწაშვილმა.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 4 734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 პაციენტი გარდაიცვალა, 3 895 გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსდა.

ჯამში საქართველოში ინფიცირების 17 4383 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 145287 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 1614 ადამიანი.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღე-ღამეში სულ 20 959 ტესტი ჩატარდა, აქედან 7 793 PCR და 13 166 ანტიგენი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S