გაერთიანებული სამეფოს მთავარი სამეცნიერო მრჩეველი: "პირბადეების ტარება სავარაუდოდ, მომავალ ზამთარშიც მოგვიწევს"
09/12/2020 07:12:04 მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს მთავარი სამეცნიერო მრჩეველი, სერ პატრიკ ვალანსი ვარაუდობს, რომ მოქალაქეებს პირბადეების ტარება მომავალ ზამთარშიც მოუწევთ.
"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყო, ვფიქრობ, მოქალაქეებს პირბადეების ტარება მომავალ ზამთარშიც მოუწევთ. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება ვაქცინაციის პროცესის დასრულებას, პირველ რიგში რისკ–ჯგუფებში შემავალი პირები უნდა ავცრათ", – განაცხადა სერ პატრიკ ვალანსმა.
იგი ვაქცინაციის პროცესის სრულად დასრულებამდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, უკვე არსებული რეკომენდაციების დაცვას:
"აცრის შემდეგ იმუნიტეტის გამომუშავებას დროს სჭრიდება. ეს პერიოდი შესაძლოა, ერთი თვე ან კიდევ უფრო მეტხანს გაგრძელდეს. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკვე არსებული რეკომენდაციების დაცვა. ეს გულისხმობს – პირბადის ტარებას, ხელების დაბანასა და დისტანციის დაცვას. მართალია, პირველი ნაბიჯები გადავდგით, რომ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დავუბრუნდეთ, თუმცა არ უნდა მოვდუნდეთ, სანამ ვაქცინაციის პროცესი არ დასრულდება".
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინაციის პროცესი 8 დეკემბრიდან დაიწყო.
Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები აიცრებიან. ამის შემდეგ ვაქცინაციის მსურველთა ასაკი ყოველკვირეულად დაიწევს.
ვაქცინაცია 800 000 დოზით დაიწყება. ბრიტანეთმა, საერთო ჯამში, ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 20 მილიონი ადამიანისთვის იქნება საკმარისი.
გაერთიანებულ სამეფოში Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად 2 დეკემბერს დაამტკიცეს.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ-ინფიცირების 1 750 000–ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 62 033 პაციენტი გარდაიცვალა.


