აშშ-ში კორონავირუსზე ვაქცინაცია სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დაიწყება
09/12/2020 05:49:06 მსოფლიო
ვაქცინაციის რამდენიმე დღეში დაწყებას ვარაუდობს შეერთებული შტატების ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი.
მისი განცხადებით, ვაქცინა იმ ადამიანებმაც უნდა ჩაიტანონ, რომლებიც COVID -19-ისგან უკვე გამოჯანმრთელდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ადგილობრივი წარმოების ვაქცინაზე აშშ-ის მოქალაქეების პრიორიტეტული წვდომა უნდა უზრუნველყოს.
თეთრ სახლში ვაქცინებთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, თავდაცვითი წარმოების შესახებ კანონი გამოიყენოს იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოების ვაქცინისთვის რიგში პირველები ამერიკელები იყვნენ. ამასთან, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ნაკლებად სავარაუდოა, მას აღნიშნული კანონის ამოქმედება დასჭირდეს.
1950 წელს მიღებული კანონი აშშ-ის პრეზიდენტს აძლევს უფლებას, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტებისა და მასალების წარმოება გააფართოვოს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დონალდ ტრამპს ჯო ბაიდენის გუნდი არ მიუწვევია.
შეკითხვაზე, თუ რატომ არ არიან წარმოდგენილები ჯო ბაიდენის გუნდის წევრები, პასუხად დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ ბაიდენის არჩევნებში გამარჯვება.
„უნდა ვნახოთ, ვინ იქნება შემდეგი ადმინისტრაცია, რადგან მერყევ შტატებში ჩვენ გავიმარჯვეთ“, – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა.


