საქართველოს მოქალაქეთა ნაწილისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, თებერვალში გახდეს ხელმისაწვდომი
08/12/2020 11:34:22 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, მომავალი წლის თებერვლის დასაწყისში შემოვიდეს.
როგორც 8 დეკემბერს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
"მიმდინარეობს პარალელური პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამთავრობო არხებით, რომ გარკვეული, მარეგულირებლების მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ვაქცინა შემოტანილი იქნეს უფრო ადრე, იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში" - განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი განმარტებით, ეს შესყიდვა Covax-პლატფორმისგან დამოუკიდებლად მოხდება. საუბარია 200-300 000 დოზაზე.
რაც შეეხება Covax-პლატფორმას, მისგან საქართველო 700 000 ადამიანის სამყოფ ვაქცინას შეიძენს. თანხის ნაწილი ქვეყანამ უკვე გადაიხადა.
"ის შეისყიდის 4-5 ვაქცინას და ჩვენ ავირჩევთ. ამის შემოტანის დრო უნდა იყოს მარტ-აპრილი" - თქვა გამყრელიძემ.
NCDC-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თავდაპირველად რისკჯგუფებს აცრიან და შემოდგომამდე მოსახლეობის 20-30%-ს მოიცავენ – ე.წ კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად 60%-ის აცრაა საჭირო.
8 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 169 649 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 141 392 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 576 პაციენტი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655.


