ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე ღობის დამონტაჟება დაიწყო
08/12/2020 10:21:49 მსოფლიო
ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე ღობის დამონტაჟება დაიწყო. ამჟამად მავთულხლართებიანი ღობის აღმართვის სამუშაოები 8–კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს.
ქვეყანა ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობას რუსეთ-ესტონეთის საზღვრის 23.5–კილომეტრიან მონაკვეთზე გეგმავს. პროექტი სამ წელიწადში უნდა დასრულდეს. ამასთან, საზღვრის დაცვისთვის ესტონეთი უსაფრთხოების ელექტრონული სისტემისა და დრონების გამოყენებასაც აპირებს.
ესტონეთ-რუსეთის საზღვარი 338 კილომეტრს მოიცავს, აქედან 135კმ ხმელეთზე, 126კმ ტბებზე, ხოლო 176კმ მდინარეებზე გადის.
ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალარ ლეინმანი აცხადებს, რომ საზღვრის ახალ სტრუქტურას აქვს როგორც პრაქტიკული, ასევე სიმბოლური და პოლიტიკური მნიშვნელობა.
"პრაქტიკული კუთხით ეს არის ევროკავშირისა და ნატო–ს საგარეო საზღვარი და ჩვენ ყველას გვესმის, რომ ტექნიკურად კარგად აღჭურვილი და დაცული საზღვარი ძალიან მნიშვნელოვანია ესტონეთისა და ევროკავშირის უსაფრთხო ცხოვრებისთვის", – განაცხადა ლეინმანმა.
ცნობისთვის: რუსეთი კალინინგრადში სამხედრო წარმოდგენილობას აძლიერებს. აღნიშნულის მიზეზად მოსკოვი "ნატო–ს მხრიდან მომავალ საფრთხეს" ასახელებს.
"ამ საფრთხის საპასუხოდ, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ვალდებული იყო შესაბამისი ზომები მიეღო. ერთ-ერთი მათგანია მოტომსროლელი დივიზიის ფორმირება, რომელშიც შედის საარტილერიო და სატანკო პოლკები. კალინინგრადში განთავსდება 30 T-72B3M ტიპის ტანკი, საკრუიზო რაკეტებით შეიარაღებული საზღვაო კორვეტი და Sukhoi SU-30SM ტიპის ავიაგამანადგურებლები [რაოდენობა უცნობია]", – განაცხადა რუსეთის ბალტიის ფლოტის ადმირალმა ალექსანდრე ნოსატოვმა.
მან ნატო ბალტიისპირეთში "ჯავშანსატანკო და სხვა ტაქტიკური ქვედანაყოფების განთავსებაში" დაადანაშაულა და დასძინა, რომ "მოსკოვი კალინინგრადში სამხედრო წარმოდგინელობის გაძლიერებას მომავალშიც განაგრძობს".


