გამყრელიძე: "ვმუშაობთ, რომ კორონავირუსის ერთ-ერთი ვაქცინა იანვარ-თებერვალში შემოვიტანოთ"
08/12/2020 09:00:55 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ კორონავირუსის ერთ-ერთი დამტკიცებული ვაქცინა გაცხადებულზე უფრო ადრე, იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში შემოიტანონ.
"პარალელურად, მიმდინარეობს პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამთავრობო არხებით, რომ მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული ვაქცინა შემოვიტანოთ უფრო ადრე, იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში, საუბარია, 200-300 ათას დოზაზე, რათა უფრო ადრე დაიწყოს ვაქცინაცია. 20%-დან 30%-მდე უნდა მოვიცვათ წლის პირველ ნახევარში, სადღაც შემოდგომამდე და შემდეგ კიდევ გავზარდოთ. რომ მივიღოთ საზოგადოებრივი იმუნიტეტი, გვჭირდება აცრილი იყოს მოსახლეობის 50%-დან 60%-მდე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, აღნიშნულის პარალელურად, საქართველოს შეკვეთილი აქვს კორონავირუსის ვაქცინა "კოვაქს პლატფორმის" მეშვეობით, რომლის შემოტანის დრო უნდა იყოს მარტ-აპრილი. გამყრელიძის განცხადებით, ხელშეკრულება მოიცავს 1 400 000 დოზას, ორჯერადი გამოყენებისთვის.
როგორც მან განაცხადა, პირველ ეტაპზე აიცრებიან რიკს–ჯგუფები, მიმდინარეობს მათი ჩამოყალიბება, მათ შორის იქნებიან, სამედიცინო პერდონალი და ხანდაზმულები.


