"ამ პიკში სტაბილიზაციის ელემენტები უკვე გამოჩნდა"
08/12/2020 08:41:51 საზოგადოება
"ამ პიკში სტაბილიზაციის ელემენტები უკვე გამოჩნდა", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ დღეს 4673 ინფიცირებული გვყავს, აქედან 1100 გამოვლენილია PCR ტესტით და 3573 ანტიგენის ტესტით. გასულ 24 საათში ჩატარებულია 16646 ტესტი, აქედან 11400 ანტიგენით და 5246 PCR ტესტი. დადებითობით მაჩვენებელი მთლიანად გვქონდა 10%. ბოლო ორი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი მცირდება, 32-31% გვქონდა, ბოლო 2 დღეა, გვაქვს 28%. დინამიკა დადებითობის პროცენტისა მოდის ქვემოთ, რაც გარკვეული მანიშნებელია იმისა, რომ სტაბილიზაციის რაღაც ელემენტები ამ პიკში უკვე გამოჩნდა. დღეს გამოჯანმრთელდა 4000-მდე ადამიანი, გამოჯანმრთელების პროცენტი 83-ია, რაც ასევე კარგია“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 893 პირი, გარდაიცვალა 36 ადამიანი.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 169 649 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 141 392პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1576 გარდაიცვალა.


