"საქართველოში გრიპის ვირუსი კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად უკვე ცირკულირებს"
08/12/2020 08:37:43 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსი კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად უკვე ცირკულირებს.
"პირველად, გუშინდელ მონიტორინგში გამოჩნდა, რომ B ტიპის ვირუსმა დაიწყო უკვე ცირკულაცია, ანუ პირველად ამ სეზონზე გამოჩნდა უკვე გრიპის ვირუსი კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად. ჩვენ არ ვიცით, რამდენად აქტიური იქნება წელს გრიპი. თუ ავიღებთ სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილებას, ზაფხულის გრიპი ნაკლებად აქტიური იყო, ამაზე ბევრი ვერსია არსებობს, მათ შორის ისიც, რომ მოსახლეობა მივეჩვიეთ პრევენციული ღონისძიებების დაცვას - პირბადის ტარებას, უფრო მეტი ადამიანი აიცრა, უფრო მეტი იცავს დისტანციას და სანიტარულ წესებს, ამის გამო შესაძლებელია და ამის ალბათობა არის, რომ გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს", - განაცხადა გამყრელიძემ.
მან მოსახლეობას მოუწოდა, ყოველთვის ატარონ პირბადე და გრიპის ვირუსზე აიცრან.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 169 649 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 141 392პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1576 გარდაიცვალა.


