Accentnews.ge
90 წლის ბრიტანელი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

90 წლის ბრიტანელი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

08/12/2020 07:27:31 მსოფლიო

90 წლის ბრიტანელი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

„ძალიან პრივილეგირებულად ვგრძნობ თავს, რადგან პირველი ადამიანი ვარ, ვინც Covid-19-ის წინააღმდეგ შექმნილ ვაქცინას იკეთებს. ეს ყველაზე კარგი ნაადრევად მიღებული დაბადების დღის საჩუქარია, რაც კი შეიძლებოდა მესურვა, რადგან თითქმის ერთწლიანი მარტოობის შემდეგ, ახალ წელს ოჯახის წევრების და მეგობრების ნახვას შევძლებ. ჩემი რჩევაა, გაიკეთეთ ვაქცინა, თუ მე 90 წლის ასაკში ვიკეთებ ვაქცინას, თქვენც შეგიძლიათ“, – განაცხადა მარგარეტ ქენანმა.

მარგარეტ ქენანი ქალაქ კოვენტრიში 60 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და 86 წლამდე ადგილობრივ საიუველირო მაღაზიაში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინაციის პროცესი დღეს დაიწყო.

Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები აიცრებიან. ამის შემდეგ ვაქცინაციის მსურველთა ასაკი ყოველკვირეულად დაიწევს.

ვაქცინაცია 800 000 დოზით დაიწყება. ბრიტანეთმა, საერთო ჯამში, ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 20 მილიონი ადამიანისთვის იქნება საკმარისი.

გაერთიანებულ სამეფოში Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად 2 დეკემბერს დაამტკიცეს.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ-ინფიცირების 1 737 960 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 61 000–ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S