Accentnews.ge
მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება

მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება

08/12/2020 07:02:14 საზოგადოება

მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი ბრძანებულება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე გამოსცა.

"8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშნვის შესახებ. განკარგულების მიხედვით, პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა", – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა 3 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის წინ ფასილიტატორებმა ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S