დღეიდან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება
08/12/2020 05:35:46 მსოფლიო
დღეიდან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება.
Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები აიცრებიან.
Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შენახვა -70 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე უნდა მოხდეს. ჩვეულებრივ მაცივარში ის მხოლოდ 5 დღის განმავლობაშია ვარგისი. ამ მიზეზის გამო, ვაქცინაცია თავდაპირველად მხოლოდ 50 საავადმყოფოში განხორციელდება.
ქვეყანაში პირველი კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, ვაქცინის 800 000-მდე დოზა იქნება ხელმისაწვდომი. საერთო ჯამში კი ქვეყნის მთავრობამ ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 20 მილიონი მოქალაქის ასაცრელადაა საკმარისი.
გაერთიანებულ სამეფოში Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად 2 დეკემბერს დაამტკიცეს.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ-ინფიცირების 1 737 960 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 61 000–ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.


