ბაიდენმა ფაუჩი არა მარტო დაკავებულ თანამდებობაზე დატოვა, არამედ მედიცინის საკითხებში პრეზიდენტის მთავარ მრჩევლადაც წარადგინა
07/12/2020 17:13:55 მსოფლიო
აშშ–ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარადგინა ჯანდაცვის გუნდი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მის ადმინისტრაციას წარმოადგენს.
წარდგენილი კანდიდატების სია ასე გამოიყურება:
- ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების მდივანი ხავიერ ბესერა. იგი ამჟამად კალიფორნიის გენერალური პროკურორია;
- აშშ-ის მთავარ ქირურგი ვივეკ მურტი;
- დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი როშელ ვალენსკი;
- კორონავირუსის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე მარსელა ნუნეს-სმიტი;
- კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებში კოორდინატორი და პრეზიდენტის კონსულტანტი ჯეფ ზიენტსი ;
- კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებში კოორდინატორის მოადგილე ნატალი ქუილიანი;
- ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კორონავირუსის საკითხებში პრეზიდენტის მთავარი სამედიცინო მრჩეველი ენტონი ფაუჩი;
ცნობისათვის: ენტონი ფაუჩის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის თანამდებობა 1984 წლიდან უკავია. ფაუჩი აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში მუშაობდა და იგი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეცნიერია.
შეგახსენებთ, რომ აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფაუჩს ხშირად აკრიტიკებდა.
ტრამპმა ფაუჩის "კატასტროფა" უწოდა და განაცხადა, რომ "ხალხს პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები მობეზრდა":
"ხალხი დაიღალა. ისინი დაიღალნენ ფაუჩის და ყველა ამ იდიოტის მოსმენით".
შეგახსენებთ, რომ კოვორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა მაჩვენებლით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებულია კოვიდ–ინფიცირების 15 მილიონზე მეტი შემთხვევა, დაავადებამ 288 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.


