"მარტო მომავლის იმედად ყოფნა არ გვიშველის. ეპიდვითარება სერიოზულია და საჭიროა არსებული შეზღუდვების გამკაცრება"
07/12/2020 17:03:32 მსოფლიო
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყანაში დღემდე მოქმედი შეზღუდვები მთელი ზამთრის განმავლობაში საკმარისი არ იქნება და ისინი უნდა გაამკაცრონ.
"მარტო მომავლის იმედად ყოფნა არ გვიშველის. ეპიდვითარება უფრო და უფრო სერიოზული ხდება. უკვე არსებული შეზღუდვებით ზამთარს ვერ გამოვივლით, საჭიროა მათი გამკაცრება", – განაცხადა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის პერიოდში გერმანიას ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. 10 იანვრამდე დახურულია რესტორნები, ბარები, სასტუმროები, გასართობი და სპორტული დაწესებულებები. ქვეყანაში საახალწლო ბაზრობების უმეტესობა გაუქმებულია. რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, გერმანიას ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული სათხილამურო კურორტების დახურვა მინიმუმ, იანვრის დასაწყისამდე სურს.
შობა–ახალი წლის დღეებში გერმანიამ შეზღუდვები ნაწილობრივ შეამსუბუქა. კერძოდ, პირველი დეკემბრიდან ერთმანეთთან შეხვედრას არაუმეტეს ორი ოჯახის წევრები შეძლებენ. მათი საერთო რაოდენობა 10–ს არ უნდა აჭარბებდეს.
რაც შეეხება კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების პროცესს, გერმანია აღნიშნულს დეკემბერში გეგმავს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 12 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაავადებამ 147 ადამიანი იმსხვერპლა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, გერმანიაში კოვიდ-ინფიცირების 1 183 655 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 18 919 პაციენტი გარდაიცვალა.


