„სამღვდელოებაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების საგანგაშო მაჩვენებელი არ არის"
07/12/2020 09:37:59 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სამღვდელოებაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საგანგაშო მაჩვენებელს არ წარმოადგენს.
ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვმუშაობთ საეკლესიო პირებთანაც. შრომის უსაფრთხოების სამსახურს ექნება მათთან დამატებითი შეხვედრები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გაზაფხულზე საკმაოდ კარგად გვქონდა გაწერილი პროტოკოლი, მნიშვნელოვანია, ეს პროტოკოლი კვლავაც იყოს მათი მხრიდან დაცული. თუმცა, ინფიცირების ის მაჩვენებელი, რომელიც დღეს სამღვდელოებაში გვაქვს, ნამდვილად არ წარმოადგენს საგანგაშო მაჩვენებელს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებს და მრევლს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მიმართა:
„საეკლესიო პირები და ეკლესია გახლავთ ჩვენი საზოგადოების ისეთივე წევრი, როგორიც ნებისმიერი ჩვენგანი, ამიტომ, ის ზოგადი რეკომენდაციები, რომ ეკლესიაში და მის გარეთ აუცილებლად ვიყოთ პირბადით; ეკლესიაში თუ გარეთ დავიცვათ დისტანცია – აუცილებელია. განსაკუთრებით ახლა – დეკემბერი და იანვარიც იქნება შედარებით მძიმე, რადგან ერთმანეთს ედება ყველანაირი რესპირაციული ინფექცია – იქნება გრიპი, "კოვიდი" თუ სხვა და მეტი რისკია ამ ტიპის ინფექციების გავრცელების, ამიტომ, დისტანცია, ხელების დამუშვება, პირბადე ყველა ამ ინფექციისთვის ერთი და იგივე პრევენციული ღონისძიებაა. ვთხოვ ჩვენს საეკლესიო წინამძღვრებს, მრევლს, რომ დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით. სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ, ვიდრე – შიგნით“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის: კორონავირუსით რამდეიმე საულიერო პირი გარდაიცვალა, მათ შორის – ბოლო ორი დღის განმავლობაში.


