„ერთმანეთი ჩვენ უნდა გადავარჩინოთ!“ – როგორ შევძლოთ დახმარება
04/12/2020 12:18:12 საზოგადოება
სულ რამდენიმე დღის წინ სოციალური მედია შეაშფოთა სასოწარკვეთილი რუსთაველი ახალგაზრდა ქალის არცთუ რიტორიკულმა კითხვამ – „რა გავაკეთო, ვიქურდო?» და იქვე – გადაწყვეტილებამ - «მერიაში შევალ და თავს დავიწვავო!“. ორი შვილის დედა განსაკუთრებულს არაფერს – გარდაუვალი შიმშილისგან შვილების დასახსნელად ღია სივრცეში ვაჭრობის უფლებას ითხოვდა. შესაძლოა, თვის ბოლოს ხელფასის თუ ალტერნატიული შემოსავლის მომლოდინეთა ნაწილისთვის მსგავსი დედების, მამების, ბებიების თუ ბაბუების დრამა რთულად აღქმადი იყოს. მაგრამ რეალობა ისაა, რომ სეგრეგირებული და ისიც მიზერული დახმარების გამცემი სისტემა ბევრ მათგანს ვერ/არ ამჩნევს: როგორც ყოველთვის, სამთავრობო ფანჯრებს მიღმა განსხვავებული ყოფაა, უბრალოდ ეს ფაქტობრივად გაჩერებული ქვეყნის, მძიმე ზამთრის, ბუნდოვანი მომავლის ფონზე კიდევ უფრო დრამატულად წარმოჩინდა.
„ერთმანეთი ჩვენ უნდა გადავარჩინოთ!“,– გვეუბნება „სირცხვილიას“ აქტივისტი და საქველმოქმედო აქტივობის ჩემი, შენი, იმის – ჩვენი გულისხთვის ერთ–ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი.

მოძრაობის გადაწყვეტილება თავდაპირველად სულ რამდენიმე ადამიანმა გაიზიარა. თავიდან ისიც არ იცოდნენ, მოგროვებული პროდუქტი სად წაეღოთ. მაგრამ შემდეგ გამოჩნდა გზებიც, გაფართოვდა დახმარების როგორც მიმღებთა, ისე გამცემთა და მოხალისეთა რაოდენობაც.

„როდესაც ადამიანებმა დაიწყეს პროდუქტების მოტანა, არ ვიცოდით, სად როგორ წაგვეღო. მაგრამ როდესაც პირველ ოჯახს დავეხმარეთ და ინფორმაცია გავრცელდა სოციალური ქსელის მეშვებით, ყოველდღიურად მატულობს დახმარების მთხოვნელთა რაოდენობა. რეკავენ შეჭირვებული ადამიანების მეზობლები, ნათესავები, რომლებიც ადამიანებს აქამდე ეხმარებოდნენ, მაგრამ ახლა უკვე აღარ აქვთ ამის საშუალება, - ბევრია ასეთი ზარი. ზოგი თავად გვწერს. მაქსიმალურად ვცდილობთ ინფორმაციის გადამოწმებას, რომ მინიმუმამდე შევამციროთ ფეიქ–შეტყობინებები: სხვების გამოცდილებიდან ვიცით, რომ სამწუხაროდ, ასეთებიც ხდება. თუმცა ჩვენ ასეთი შეთხვევა ჯერ არ გვაქონია. დღეს რუსთავში, თბილისში, კახეთში, ქუთაისში, ზუგდიდში დაახლოებით 60–მდე ოჯახში შევიტანთ მინიმუმ, 2–3 კვირის სამყოფ მსუყე პროდუქტს. ზოგიერთ ოჯახში 11 ადამიანი ცხოვრობს. ამდენად, ამ დროის განმავლობაში ამ ოჯახების დარდი მაინც არ გვექნება“,– ამბობს მაქარაშვილი.

უშუალოდ აქტივობაში 1000–მდე მოხალისეა ჩართული და ეს რაოდენობა ყოველდღიურად ზრდადია, შემომწირველთა კი უფრო მეტი:
„პროდუქტი ყოველდღიურად ძვირდება: მეთორმეტე დღეა, პროცესში ვართ და პირველ დღესთან შედარებაც არ შეიძლება. მაგრამ ადამიანები რიცხავენ თანხას, მოხალისეების დახმარებით ვაგროვებთ პროდუქციას, კალათებად ვკვართ და ისევ მოხალისეების დახმარებით მიგვაქვს ოჯახებში. 17 ვიყავით, ახლა მეტნი და გაცილებით მეტად ორგანიზაბულებიც ვართ“.

პროცესში აღმოჩნდა, რომ სიკეთის კეთება ბევრს სურს. მაქარაშვილი იხსენებს ახალგაზრდას საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლიდან, რომელმაც 240 კომლით დასახლებული ბერძენაული დაიარა, პროდუქტი (კომპოტები, მურაბები, კონსერვები) შეაგროვა - და თავად ტერორის ქვეშ მყოფი სოფელი სხვა ოჯახებში შესულ შიშის აჩრდილს რამდენიმე დღით მაინც გაუმკლავდა.
„არ წყდება 1 ლარის ჩარიცხვის პროცესიც, რაც განსაკუთრებით გულისამაჩუყებელია. არიან ასევე ადამიანები, რომლებიც გარეთ ვერ გამოდიან, მაგრამ შინ ამზადებენ საკვებს, გვთხოვენ, იქნებ თბილი მაინც მივაწოდოთ მათ, ვისაც ეს სჭირდებაო. ბენზინის ტალონებიც გვაჩუქეს; უმრავლესობა კი ამ ტალონებს არ გვართმევს... მე მგონი, უნდა გადავრჩეთ, რადგან ბევრი, ბევრი კეთილი ადამიანი აღმოჩნდა, რომელსაც აღარ სჯერა, რომ ბელადის თუ პარტიის იმედზე უნდა იყოს – ერთმანეთი ჩვენ რომ უნდა გადავარჩინოთ, ამაში დავრწმუნდით, – ეს ჩვენი გასაკეთებელი საქმეა!“,– ამბობს მაქარაშვილი.
როგორ დაეხმაროთ
სასურველი თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე:
GE46BG0000000162684987
GE13TB7962645063300009
ასევე შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს „სირცხვილიას“ ფეისბუქ-გვერდით.
პრიორიტეტულია საკვები პროდუქტი, თუმცა არა მზა, რადგან დანიშნულების ადგილზე ოპერატიულად მიტანა ამ ეტაპზე გამოწვევად რჩება.
„ადამიანებმა სამოსის მოტანა დაიწყეს, სამედიცინო საშუალებების – პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარის, ხელთათმანების, რაც განსაკუთრებით რეგიონებში ჭირს. რამდენიმე ათასი პირბადე უკვე გავანაწილეთ“ – აცხადებენ ორგანიზატორები.
მეტი რწმენისთვის, რომ თქვენს მიერ გაცემული ნამდვილად მივა ადრესატამდე, ახალგაზრდების აქტივობას შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ.
„აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვმოქმედებთ, მოქალაქეებს სისტემატიურად ვაბარებთ ანგარიშს – 1 ლარის ცდომილებაც არ გვაქვს“,– დასძენს გიგა მაქარაშვილი.




