მშობიარობიდან ერთ კვირაში COVID-19–ით გარდაცვლილი ახალგაზრდის მიმოწერა ვრცელდება
04/12/2020 09:26:56 საზოგადოება
სოციალურ ქსელში ვრცელდება მიმოწერა, რომელშიც კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის ქალი ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს: „გაგუდული დაგხვდები“; „მიყვირიან“ – ეს მიმოწერების ნაწილია. ახალგაზრდა ქალი მშობიარობიდან 1 კვირის შემდეგ გარდაიცვალა.
ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას ჰკითხეს.
„ის ინფორმაცია, რაც ჩვენ კლინიკიდან გვაქვს, მიუთითებს, რომ ეტაპები, რომელიც პაციენტმა გაირა, იყო ის ეტაპები, რაც რეალურად პროტოკოლით არის გათვალისწინებული. უფრო ჩაღრმავებულ ანალიზსაც გავაკეთებთ.
გარდაცვალება უკავშირდება ფილტვის დაზიანებას, კონკრეტული შემთხვევაში თანმხლები დაავადებები ან რაიმე სხვა მიზეზი, რამაც შესაძლოა გამოეწვია მდგომარეობის გართულება არ უფიქსირდება. ამ შემთხვევაში მეტად ღრმა ანალიზი ჩატარდება,“ – განაცხადა გაბუნიამ თემის კომენტირებისას.
რაც შეეხება უშუალოდ მიმოწერას, გაბუნია ამბობს, რომ ინფორმაციას სამინისტრო ამოწმებს:
„პაციენტთან ასეთი ტიპის შეუფერებელი დამოკიდებულება გამორიცხულია და, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის მონიტორინგი ტარდება საავადმყოფოებში იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები არ იყოს. ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდბა, გადავამოწმებთ და ამაზეც სამინისტროს აქვს რეაგირების მექანიზმები“.
ჟურნალისტების დამატებით კითხვებზე, თუ რატომ არ არსებობს ჯერჯერობით საჯარო პასუხი სხვა მსგავს საქმეებზე, რომლებსაც სამინისტრო ასევე სწავლობს, გაბუნია ამბობს, რომ თითო საქმის შესწავლას გარკვეული პროცედურები და დრო სჭირდება და დეკემბერში სამინისტროს დასრულებული ანგარიშები ექნება.
ცნობისთვის: სოფელ ერგეში მცხოვრები რუსუდან კოკობინაძე 3 დეკემბერს გარდაიცვალა. კლინიკის ინფორმაციით, ქალი კოვიდინფიცირებული იყო და მას საკეისრო კვეთა ბათუმის სამშობიარო სახლში 25 ნოემბერს ჩაუტარეს, 27 ნოემბერს ის გართულებებით ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.


