ცერცვაძე: „15–16 ადამიანი გვყავს ბინაზე გარდაცვლილი“
03/12/2020 17:18:56 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში ბინაზე კოვიდ–ინფიცირებული 15–16 ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში უცხოეთში დასაქმებული ქართველი ექიმების კრიტიკის კომენტირებისას განაცხადა და დასძინა, რომ ევროპასა და აშშ–ში მსგავსი ათასობით შემთხვევაა.
რაც შეეხება ჰოსპიტალში გარდაცვალების ფაქტებს, ცერცვაძე აღნიშნავს, რომ პროცენტული მაჩვენებელი საქართველოში ევროპის მაშტაბით დაბალია.
მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაზრდილ მიმართვიანობას ხარვეზებით, გადატვირთვებით, მაგრამ მაინც უკეთ უძლებს, ვიდრე განვითარებული ქვეყნები.
ცნობისთვის: მოქალაქეები კლინიკებში ადგილების არარსებობაზე, სასწრაფოს ჯგუფის დაგვიანებასა და ოჯახის ექიმთან კომუნიკაციის პრობლემურობაზე საუბრობენ. ამასთან, აღნიშნავენ, რომ პრობლემაა ტესტირების კუთხითაც, ხოლო მით უფრო ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში, ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა, ტესტირება კერძო ლაბორატორიაში ჩაიტარონ. ასევე ხშირად არის საუბარი დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციაზე.
საქართველოში კორონავირუსს ოფიციალური მონაცემებით, ჯამში 1387 პაციენტი ემსხვერპლა, მათ შორის –45, ბოლო 24 საათში.


