რუსეთში მასობრივი ვაქცინაცია გადაიდო
03/12/2020 15:03:57 მსოფლიო
რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კვლავ ფერხდება, - იუწყება რუსული მედია.პროფესიული რუსული გამოცემა “ფარმაცევტული მაცნეს” ცნობით, რუსული ვაქცინის წარმოება პრეზიდენტ პუტინის მიერ გამოცხადებულ ვადებში ვერ დაიწყება, რისი მიზეზიც საწარმოო სიმძლავრეების არარსებობა და კანონმდებლობაა.
საქმე იმაშია, რომ დეკემბრიდან რუსული ვაქცინები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატების ჩამონათვალშია შეტანილი, თუმცა მათი ფასი ამ დრომდე არაა დარეგისტრირებული, ქვეყანაში მოქმედი კანონის თანახმად კი, ამ კატეგორიის პრეპარატები ფასის რეგისტრაციის გარეშე ვერ იქნება რეალიზებული – თუნდაც ვარაუდობდნენ, რომ მოსახლეობის ვაქცინაცია უფასო იქნება. შესაბამისად, მწარმოებლები და დისტრიბუტორები ვერ შეძლებენ ვაქცინის გაყიდვას ვერც საცალოდ, ვერც საბითუმოდ - საავადმყოფოებში.
ამჟამად მთავრობა და მწარმოებლები ვაქცინის სავარაუდო ფასის დასადგენად მუშაობენ, - აცნობა გამოცემას კომპეტენტურმა წყარომ ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის გამალეის სახელობის ეროვნული ცენტრიდან.
როგორც ცნობილია, რუსეთში უკვე სამი ვაქცინაა რეგისტრირებული. მათგან ორი სწორედ გამალეის ცენტრში შეიმუშავეს, მესამე კი – ვირუსოლოგიისა და ბაქტერიოლოგიის სამეცნიერო ცენტრ “ვექტორში”. პირველმა ორმა რუსეთში შესაბამისი მოწმობა აგვისტოში მიიღო, “ვექტორის” ვაქცინამ კი – ოქტობერში.
მიუხედავად ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ვაქცინაციაზე ჩაწერა 4 დეკემბრიდან მოსკოვის მერისა და დედაქალაქის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე იწარმოებს. პირველად მას მედიკოსები, პედაგოგები და სოციალური მუშაკები გაივლიან. ვაქცინაციის პუნქტები 5 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს, - განაცხადა მოსკოვის მერმა სობიანინმა.
2 დეკემბერს პრეზიდენტმა პუტინმა დაავალა ვიცე-პრემიერ ტატიანა გოლიკოვას, პრეპარატ “სპუტნიკ V”-ით მოსახლეობის ვაქცინაცია დაწყებულიყო. როცა გოლიკოვა შეეცადა, პასუხი გაეცა და პრეზიდენტს მიმართა, “მოგახსენებთ არსებული მდგომარეობის შესახებო”, პუტინმა უპასუხა, “მოდით, კი არ მომახსენოთ, დაიწყეთ ვაქცინაციაო”.
The Bell-ის ინფორმაციით, ვაქცინის მასობრივი წარმოების დაწყება ამ დრომდე ვერ მოხერხდა და როგორც გამოცემის რესპონდენტები აღნიშნავენ, გამორიცხულია, წლის ბოლომდე დაგეგმილი 500 ათასი დოზა ვაქცინის წარმოება მოესწროს. პრობლემა, ერთის მხრივ, იმ ოთხი ფარმაკოლოგიური კომპანიის საწარმოო სიმძლვრეების სიმცირეშია, რომელმაც ვაქცინა უნდა ჩამოასხას. წყაროს ცნობით, პრეპარატის სტაბილიზება ჯერ-ჯერობით ვერც ერთმა მწარმოებელმა ვერ შეძლო, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვაქცინის მსხვილი სერიით გამოშვებას ჯერ-ჯერობით ვერ შეძლებენ.
ცნობისთვის: თავდაპირველად ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი მურაშკო აცხადებდა, რომ რუსეთში მასობრივი ვაქცინაცია ოქტომბერში დაიწყებოდა. მას შემდეგ ვადები რამდენჯერმე შეიცვალა. გასულ კვირას იმავე მურაშკომ გააკეთა განცხადება იანვარ-თებერვლის შესახებ, თუმცა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა პირობა დადო, რომ ვაქცინაცია წლის ბოლომდე აუცილებლად დაიწყებოდა.
ცალკე საკითხია თავად რუსული ვაქცინების სანდოობა: მართალია, რუსეთში ისინი უკვე დაარეგისტრირეს, თუმცა საერთაშორისო დონეზე – ამ დრომდე არა და ერთ-ერთი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთ მათგანს მწარმოებელ ქვეყანაში რეგისტრაციამდე არ ჰქონდა გავლილი გამოცდის ყველაზე მნიშვნელოვანი – მესამე ეტაპი, რომლის შედეგადაც პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება განისაზღვრება.


