Accentnews.ge
COVID-19–ის ვაქცინა 700 000 ადამიანისთვის უფასო იქნება

COVID-19–ის ვაქცინა 700 000 ადამიანისთვის უფასო იქნება

03/12/2020 10:20:16 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაცია სავარაუდოდ, მარტი-აპრილისთვის დაიწყება.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უკვე გააფორმა ხელშეკრულება COVAX პლატფორმასთან 1,4 მილიონი დოზა ვაქცინის მიღებაზე. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდის ვაქცინა ორჯერადად კეთდება, 700 ათასი ადამიანისთვის ვაქცინა სრულიად უფასო იქნება.

„2021 წელს მაქსიმალურად უნდა მოხდეს მოსახლეობის ვაქცინაცია, რათა დასრულდეს კორონავირუსის პანდემია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რომ ვაქცინა იყოს ხელმისაწვდომი და რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ ჩვენც ვაქცინაცია. ამისთვის მზადება ჯერ კიდევ ზაფხულში დავიწყეთ, როდესაც დავამყარეთ თანამშრომლობა COVAX პლატფორმასთან. ეს არის სპეციალურად შექმნილი პლატფორმა „ვაქცინების გლობალური ალიანსის“ (Gavi) საფუძველზე და მისი დანიშნულებაა, 170-მდე ქვეყანას მიაწოდოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, როდესაც მათ დაამტკიცებენ​ ჯანმო, „ევროპის წამლის სააგენტო“ და „აშშ-ის წამლისა და საკვების სააგენტო“. COVAX-თან გაფორმებული გვაქვს კონტრაქტი 1,4 მილიონი დოზა ვაქცინის მიღებაზე. რომელი ვაქცინა იქნება ეს, გერმანული, ამერიკული, ბრიტანული თუ რომელიმე სხვა, ჯერ არ ვიცით. უკვე გადავრიცხეთ პირველი შენატანი, დაახლოებით 4 მლნ დოლარი, სულ კი 17 მილიონ დოლარამდე გვექნება გადასახდელი. მოსახლეობისთვის, დაახლოებით 700 ათასი ადამიანისთვის ეს სრულიად უფასო იქნება, ვინაიდან კოვიდის ვაქცინა ორჯერადად კეთდება, 4 კვირის დროგამოშვებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში მარტი-აპრილისთვის დაიწყება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველო მუშაობს უშუალოდ მწარმოებელ კომპანიებთანაც, რათა ვაქცინები კიდევ უფრო ადრე მივიღოთ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S