გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 24 წლის ქალის საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის
03/12/2020 09:21:19 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 24 წლის ქალის საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის.
"რა თქმა უნდა, თითოეული გარდაცვალება ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია და მინდა თანაგრძნობა გამოვხატო ოჯახის მიმართ. სამინისტრო ყველა ამ შემთხვევას საფუძვლიანად შეისწავლის. მე დღეს უბრალოდ არ მაქვს საფუძველი რომელიმე მხარეს ვისაუბრო გარკვეულ გადაცდომაზე. რაც შემიძლია გითხრათ, მცხეთის სამედიცინო ცენტრი დიდი ხანია პროგრამაში მონაწილეობს, ძალიან ბევრი რთული შემთხვევის მართვა მოხდა იქ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით მაინც თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, ვიდრე არ მექნება საფუძველი იმისთვის, რომ ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად“, - განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის: 24 წლის ნინო გულიკაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. იგი მცხეთის საავადმყოფოში მკურნალობდა. ოჯახის წევრები ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას ექიმების გულგრილობას და არასათანადო მკურნალობას უკავშირებენ.


