გაერო-მ მარიხუანა განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკების სიიდან ამოიღო
03/12/2020 08:11:25 მსოფლიო
გაერომ მარიხუანა განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკების სიიდან ამოიღო. გადაწყვეტილება მეტ ბიძგს მისცემს მარიხუანას (კანაბისი) სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენებას, – იუწყება CNN.
გადაწყვეტილების მიღებისას ვენაში არსებულმა 53 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან შემდგარმა კომისიამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის არაერთი რეკომენდაცია გაითვალისწინა. განსაკუთრებულად საყურადღებო იყო ჯანმო-ს რეკომენდაცია, ამოეღოთ კანაბისი ნარკოტიკული საშუალებების შესახებ 1961 წლის გაეროს კონვენციის მეოთხე დანართიდან, სადაც მარიხუანა განსაკუთრებით საშიშ და დამოკიდებულების გამომწვევ ოპიოიდებს შორის იყო შეტანილი.
გადაწყვეტილება 2 ხმის უპირატესობით გავიდა - 27 - 25 -ის წინააღმდეგ. აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ და სამხრეთ აფრიკამ ინიციატივის სასარგებლოდ მისცეს ხმა, ჩინეთმა, პაკისტანმა, ბრაზიალიამ და რუსეთმა კი – წინააღმდეგ.
”ეს არის მისასალმებელი სიახლე მილიონობით ადამიანისთვის, ვინც კანაფს თერაპიული მიზნებისათვის იყენებს", – აცხადებენ ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გაერთიანებაში.
ექსპერტების მოსაზრებით, გაეროს გადაწყვეტილება ნარკოტიკების შესახებ სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ პროტოკოლსა და კანონმდებლობაზე პირდაპირ არ აისახება, თუმცა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეებისთვის ეს სიმბოლური გამარჯვებაა. ისინი იმედოვნებენ, რომ სხვადასხვა სახელმწიფოები გაეროს კონვენციით იხელმძღვანელებენ.
2017 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში 21 წლის ასაკს გადაცილებული პირისთვის სახლში მარიხუანის მოხმარება ლეგალურია, თუმცა არ არის დაშვებული მარიხუანასთან დაკავშირებული სხვა ქმედებები.
საჯარო სივრცეში, არასრულწლოვანის თანდასწრებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მარიხუანის მოხმარება ისჯება ადმინისტრაციული ჯარიმით, ასევე ისჯება არასრულწლოვანი პირის წაქეზება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისკენ.
კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულია მცირე ოდნებით (70გრ-მდე გამომშრალი ან 100გრ-მდე ნედლი) მარიხუანას შეძენა-შენახვა.
დიდი ოდენობით მარიხუანის ფლობა კი პატიმრობას ითვალისწინებს.


