ქართველი ქალები და ბავშვები - ტერორისტულ ორგანიზაციაში

02-12-2020 15:58:25 მულტიკულტურული საქართველო

პანდემიის, პოლიტიკური კრიზისის, ბუნდოვანი მომავლის და არცთუ პოზიტიური მოლოდინების ფონზე ტერორიზმი ქართულ საზოგადოებას შესაძლოა, სადღეისოდ საქართველოს დღის წესრიგის არცთუ აქტუალურ საკითხად მოეჩვენოს. მაგრამ კავკასიოლოგ ალეკო კვახაძის კვლევამ ტერორიზმისადმი ქართველი ქალების ინტერესის თაობაზე ძალზე საყურადღებო დეტალები გამოკვეთა.

კვახაძემ მოიძია საქართველოს 17 მოქალაქის – იმ ქალების მონაცემები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიიდან სირიაში, IS–ის ფრთის ქვეშ მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში აღმოჩნდნენ.

როგორც მკვლევარი გვიამბობს, მათი უმეტესობა პანკისიდანაა, თუმცა ფიქსირდება სვანეთისა და ყარაჯალის მკვიდრთა გადინების ერთეული შემთხვევებიც. ამასთან, კვახაძე არ გამორიცხავს, რომ სირიაში სხვა ტერიტორიებიდან ეთნიკური ქართველების გადინების შემთხვევები რეალურად, გაცილებით მეტი იყოს - უბრალოდ მისთვის კონკრეტული მონაცემები არაა ხელმისაწვდომი:

„ამ მონაცემებს ემატება ამერიკელების მიერ მოპოვებული ცნობები რაქაში არსებულ ქალთა თავშესაფრის ბინადრების შესახებ: სიაში ფიგურირებს ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი ქალიც. ამდენად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენთვის საქართველოდან სირიაში 18 ქალის გადასვლის შესახებაა ცნობილი, თუმცა მათი რაოდენობა შესაძლოა, მეტიც იყოს“.

ქართველი ქალები - ტერორისტულ ორგანიზაციაში

კვახაძის მონათხრობი სახიფათოსთან ერთად, საკმაოდ სევდიან სურათს ქმნის. მის მიერ მოპოვებული ცნობებით, ხსენებული 17 ქალიდან უმეტესობა სირიაში მეუღლეების გადაწყვეტილებით აღმოჩნდა. იზიარებდნენ თუ არა ისინი ტერორიზმთან დაკავშირებით ქმრების შეხედულებებს - უცნობია, მაგრამ სირიაში ტერორისტებისადმი სიმპათიით განწყობილ მეუღლეებს გაჰყვნენ. ერთი შემთხვევა კი უკავშირდება ოჯახურ ძალადობას: ქალი მეუღლის მხრიდან სისტემატიურად განიცდიდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, დამცირებას, ამ პერიოდში გაიცნო რადიკალური ისლამის მიმდევრები და სირიისკენ გზას მათთან ერთად გაუდგა.

განსაკუთრებით საინტერესო და საყურადღებოა სამი შემთხვევა, რომელიც მკვლევარისთვის გახდა ცნობილი: თუ უკვე ხსენებულ უმეტეს შემთხვევაში გადაწყვეტილება მამაკაცებმა მიიღეს, სოფელ ყარაჯალის მკვიდრი ორი დაქორწინებული ქალი დამოუკიდებლად შეუერთდა ტერორისტულ ორგანიზაციას ქმრებისადმი პრეტენზიით, რომ ისინი არ იყვნენ ჭეშმარიტი მუსლიმები, ვინაიდან „ჯიჰადის“ ნაცვლად, ბიზნესით (ვაჭრობით) იყვნენ დაკავებულები.

ასევე საინტერესოა სვანი ქალის – გვარად რატიანის ისტორია. კვახაძის მიერ მოგროვებული მონაცემებით, ქალი საბერძნეთში სამუშაოდ იყო წასული, იქ გაიცნო და დაქორწინდა ახლო აღმოსავლეთის ერთ–ერთი ერის წარმომადგენელზე, მიიღო ისლამი და ქმარს გაჰყვა სირიაში. მოგვიანებით ის დაატყვევეს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქურთულ ბანაკშიც იმყოფებოდა, ამჟამად კი მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

საქმიანობა

კვახაძის ცნობით, საქართველოდან წასული ქალები უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდნენ (ორგანიზაციის განაწესი კრძალავდა მსგავს აქტივობას), ძირითადად შინ იყვნენ და საოჯახო საქმიანობას ეწეოდნენ:

„სირიაში საკმაოდ დიდი ტერიტორიები კონტროლდებოდა სხვადასხვა დაჯგუფებების მიერ, რაც მებრძოლებს ოჯახებთან ერთად იქ დასახლების შესაძლებლობას აძლევდა. საკმაოდ ადვილი იყო გათხოვებაც: თუ ქალი მარტო იყო, საერთო საცხოვრებელში ათავსებდნენ, სადაც რთული პირობები იყო, ამიტომ უკეთესი ვარიანტი იყო გათხოვება – ძირითადად მებრძოლებზე. საინტერესოა, რომ ქისტი ქალები ყველანაირად ცდილობდნენ, სხვა ეროვნების წარმომადგენელზე არ დაქორწინებულიყვნენ და თუ შესაბამის საქმროს ვერ მოიძიებდნენ, სტატუსისთვის შარიათულ ფიქტიურ ქორწინებას აფორმებდნენ“.

სამშობლოში დაბრუნება

მკვლევარი გვიამბობს, რომ ნაწილი ქალებისა დაიღუპა, ნაწილი მესამე ქვეყნებში – თურქეთში, უკრაინაში დამკვიდრდა, ნაწილმა კი – მინიმუმ, ოთხმა საქართველოში დაბრუნება შეძლო.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა [რომელიც სირიაში საქართველოს მოქალაქეების გადინების შემდეგ საგანგებოდ მიიღეს – რედ.] ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის მათი გასამართლების შესაძლებლობას იძლევა, ისინი არ დასჯილან: სახელმწიფომ თვალი დახუჭა ამ ფაქტზე და ხელი შეუწყო ოჯახებში მათ დაბრუნებას, რაც ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო. ისინი ამჟამად რადიკალურ საქმიანობას გამოთიშულნი არიან და როგორც მათი ოჯახის წევრებისგან ვიცი, სირიის კონფლიქტი მძიმე მოგონებად რჩება, განსაკურებით - ბავშვებისთვის“.

ბავშვები

სირიის, ასე ვთქვათ, თავგადასავლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ ქალებს თან ახლდათ ბავშვები, რომლებზეც ბუნებრივია, მშობლის თუ მშობლების გადაწყვეტილებამ ტრავმული კვალი დატოვა.

„მიმდინარეობს ამ ბავშვების ნაწილის ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, რადგან დაბომბვებისა და საბრძოლო მოქმედებების შემდეგ მათ ტრავმა აქვთ“,– გვიყვება კვახაძე.

ზუგდიდის მკვიდრი მამაკაცი კი ამ დრომდე ცდილობს შვილის დაბრუნებას. მისი ისტორია ასეთია: ყოფილმა მეუღლემ ისლამი მიიღო და სირიაში ფეხმძიმე გაემგზავრა, ბავშვიც იქ გააჩინა. მოგვიანებით ქალი დაატყვევეს: ის ქურთულ ბანაკში აღმოჩნდა და ამჟამად მამა ხუთი წლის ბავშვის ოჯახში დასაბრუნებლად ქართველ დიპლომატებსა და სამართალდამცველებთან ერთად იღვის.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს აქტივობას წარმატებული მაგალითიც აქვს: საქართველოს ერთ–ერთ მოქალაქეს, ლაგოდეხის მკვიდრს ერაყში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მისი ორი შვილის საქართველოში რეპატრიაცია მოხერხდა.

ასე, რომ თემა კვლავ აქტუალურია საქართველოსთვის, ვინაიდან ისედაც მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, მით უფრო ტერორისტული ორგანიზაციის „დროშის“ ქვეშ დაღუპული თითოეული მოქალაქე დიდი დანაკლისია, - რომ აღარაფერი ვთქვათ სახელმწიფოებრივად მიუღებლობაზე. ცალკე საკითხია, რა განაპირობებს რადიკალიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ თემა არცთუ ახალია, მსჯელობა ამ დრომდე გრძელდება და თუ საწყის ეტაპზე იყო მოსაზრებები, რომ რადიკალიზაციას ეკონომიკური მდგომარეობა, ინტეგრაციის პრობლემა, ცნობიერება განაპირობებდა, ამას სხვა ფაქტორებიც დაემატა. მით უფრო, რომ ტერორისტულ ორგანიზაციაში ინტელექტუალურად საკმაოდ განვითარებული მოქალაქეებიც აღმოაჩინეს, მათ შორის - საქართველოდან. ამრიგად, სახელმწიფოს საკითხისადმი კომპლექსური – ინდივიდებამდე დასული პოლიტიკის წარმოება ჰმართებს.

ახალი ამბები