Accentnews.ge
"არ ვპროგნოზირებდით, რომ დღეში 5000–მდე შემთხვევა გვექნებოდა"

"არ ვპროგნოზირებდით, რომ დღეში 5000–მდე შემთხვევა გვექნებოდა"

02/12/2020 09:45:54 საზოგადოება

"არ ვპროგნოზირებდით, რომ დღეში 5000–მდე შემთხვევა გვექნებოდა", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მას ხშირად აკრიტიკებენ, რომ პანდემიის მეორე ტალღისთვის სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები არ ჩატარდა.

"გასაგებია, რომ მაკრიტიკებენ... როგორ არ გაკეთებულა, [მედპერსონალის] გადამზადებაც მიმდინარეობდა, შესყიდვებიც მიმდინარეობდა, გარკვეული გეგემებიც დასახული არის და მზადების გეგემაც იყო, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვპროგნოზირებდით, რომ გვექნებოდა დღეში 5 000–მდე შემთხვევა".

როგორც გამყრელიძე აცხადებს, შემთხვევების ასეთ ზრდას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი.

"მოხდა ისე, რომ ზაფხული ძალიან თავისუფლად წავიყვანეთ ჩვენ ყველამ, განსაკუთრებით შავიზღვისპირეთში. იცით, რომ „აგვიფეთქდა“ ბათუმი, ამას მოჰყვა დიდი მობილობა წინასაარჩევნო პერიოდში, ამას მოჰყვა კიდევ უფრო დიდი მობილობა არჩევნების დღეს, როცა 2 მილიონი ადამიანი გამოვიდა. ჩვენ ოქტომბრის ბოლოს მივდიოდით 1500-1700 შემთხვევით დღეში და ნოემბრის შუა რიცხვებში ავედით 3 ათასსა და მეტზე, ეს იყო სწორედ მობილობების კუდი და გამოხატულება, რაც ჩვენ გვქონდა ოქტომბერ-ნოემბერში. ჩვენ იდეალური არ ვართ არავინ, არც ქვეყანაა ჩვენი იდეალური, არც ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, "არ მეგონა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ასეთ დატვირთვას გაუძლებდა":

"კი ხარვეზები არის, გაგვაკრიტიკეთ. ყველაფერში ხარვეზი არის, მაგრამ სისტემა უძლებს ამას. ჩვენი გმირი ექიმები უძლებენ. მათ ნამდვილად ეკუთვნით მადლობა. პირადად მე არ მეგონა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებდა".

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებამ იმსხვერპლა 36 პაციენტი, ვირუსისგან 4 061 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 143 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 121 621 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1342 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S