წელს თბილისში საახალწლო სოფელი არ მოეწყობა
02/12/2020 08:00:17 საზოგადოება
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე წელს თბილისში საახალწლო სოფელი აღარ მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქია მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს საახალწლო სოფელი ვერ გაკეთდება. ეს ფაქტობრივად ქმნის მიზიდულობის ცენტრს და ძალიან დიდი საფრთხე იყო იმის, რომ ბევრი ადამიანი მივიდოდა ბავშვებით, ბებიებით, ბაბუებით და გაჭირდებოდა კონტროლი და უხერხული იქნებოდა მოსული ადამიანისთვის გეთქვა, რომ არ შეხვიდე საახალწლო სოფელში, იმიტომ, რომ ბევრი ხალხია”, – განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საახალწლო სოფელში დასახარჯი თანხები სოციალურად გაჭირვებული ოჯახების დახმარებას მოხმარდება:
“ჩვენ დაახლოებით, 700 000-800 000 ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფელი და ეს თანხები, რაც უნდა დახარჯულიყო მასზე, მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ეს იქნება საკვებით უზრუნველყოფა წინასაახალწლო დღეებში და ამისთვის ჩვენ პლატფორმა უკვე შექმნილი გვაქვს. უკვე ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი და ხდება საკვები პროდუქტებით მომარაგება და მომდევნო დღეებში დავიწყებთ დარიგებას”.


