ნატო-მ რუსეთის მიმართ გასატერებელი პოლიტიკის კუთხით ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა
01/12/2020 18:32:03 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მიერ დანიშნულმა ექსპერტთა ჯგუფმა ალიანსის გამოწვევები შეაფასა და რუსეთის მიმართ გასატერებელი პოლიტიკის კუთხით ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა.
როგორც დოკუმენტში სახელწოდებით "ნატო 2030 – გაერთიანებულია ახალი ეპოქისთვის" არის ნათქვამი, დიდი ალბათობით, ალიანსის მთავარ საფრთხედ კვლავ რუსეთი დარჩება.
"ცივი ომის" დასრულების შემდეგ, ნატო-მ რუსეთთან დიალოგსა და პრაქტიკულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული პარტნიორობის დამყარება სცადა, რომელიც საერთო ინტერესის სფეროებს მოიცავდა. თუმცა რუსეთის აგრესიამ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა მისი სამხედრო წარმოდგენილობის მუდმივ რეჟიმში გაძლიერება ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ურთიერთობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია და უარყოფითად იმოქმედა ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე. რუსეთი რეგულარულად მონაწილეობს სამხედრო ოპერაციებში ნატო–ს უშუალო სიახლოვეს [...] დიდი ალბათობით, რუსეთი ნატო–სთვის მთავარ საფრთხედ მომავალშიც დარჩება", – ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, ექსპერტები ალიანსს რუსეთთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავენ:
- ნატო–მ რუსეთის მიმართ უნდა გააგრძელოს ორმაგი მიდგომა – შეკავებისა და დიალოგის პოლიტიკა. როგორც ეს უელსისა და ვარშავის სამიტების დროს შეთანხმდა.
- ნატო–მ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებსა და მტრულ მოქმედებებზე რეაგირება ერთიანი, განსაზღვრული და თანმიმდევრული გზით უნდა განაგრძოს. რუსეთთან დაკავშირებით ნატო–ს ერთიანობა პოლიტიკური ერთიანობის ყველაზე დიდი სიმბოლოა, რომელიც კრემლის ეფექტური შეკავების საფუძველია.
- ნატო–ს მოკავშირეებმა რუსეთის მიმართ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ეროვნული პოლიტიკის შემუშავებისას ნატო–სთან შეთანხმებული საერთო "გაიდლაინები" უნდა დაიცვან და ნათლად უნდა დაადასტურონ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განუყოფლობა.
- ნატო–მ უნდა შეინარჩუნოს ადეკვატური ბირთვული სამხედრო შესაძლებლობები და ჰქონდეს უნარი და მოქნილობა, რომ დაუპირისპირდეს აგრესიას ალიანსის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის იქ, სადაც რუსული ძალები პირდაპირ ან ირიბად აქტიურობენ, განსაკუთრებით ნატო–ს აღმოსავლეთ ფლანგზე.
- ნატო–ს მოკავშირეებმა უნდა შეინარჩუნონ ერთსულოვნება, რათა რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა აიძულონ.
- ალიანსმა უნდა შეინარჩუნოს ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატი, როგორც რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის მთავარი პლატფორმა.
- ნატო–მ უნდა გააგრძელოს ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების შემუშავება. მან უნდა შეინარჩუნოს რეგულარული კონტაქტი რუსეთთან ისეთ სფეროებში, რომელიც ალიანსის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. მაგალითად, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი.
- ნატო–მ უნდა უზრუნველჰყოს რუსეთთან მისი ორივე მიდგომის – დიალოგისა და შეკავების ეფექტურობა.
- ნატო–მ JISD–ს ფარგლებში უნდა შექმნას სპეციალური განყოფილება, რათა მონიტორინგი გაუწიოს და შეაფასოს, რა ზეგავლენას ახდენს რუსეთ – ჩინეთის თანამშრომლობა სამხედრო, ტექნოლოგიურ და პოლიტიკურ სფეროებში, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე.


